სასამართლო დავა მორალური ზიანისთვის

სასამართლო დავა მორალური ზიანისთვის

ცოტა ხნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოქალაქე რ.ა.-სა და შპს „ჰელსის“ დავა განიხილა. აღნიშნული შპს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული საავადმყოფოა, რომელსაც მისივე პაციენტი ყოფილი პატიმარი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე ედავება.

40 წლის რამაზ ასლანიშვილი, რომელმაც 20 წელი ციხეში გაატარა დღეს თავისუფალია. მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება სწორედ პატიმრობის პერიოდში მიიღო. ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი პატიმარი იყო, რომელმაც რუსთავის №16 დაწესებულებაში ჯანმრთელობის დაზიანების გამო, პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართა. დეტალურად იხსენებს იმ დღეებს, რამაც მდგომარეობის ასე დამძიმება გამოიწვია.

„ერთ-ერთი შეტევის გამო, ციხიდან საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც თირკმელზე ოპერაცია გამიკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტად ვიყავი, მეორე დღესვე დამაბრუნეს საკანში. ინტოკსიკაციითა და მაღალი სიცხეებით მალევე საავადმყოფოში მოვხვდი და მეორე ოპერაცია გამიკეთეს. ექიმმა დამინიშნა ხანგრძლივი მკურნალობა ისეთი მედიკამენტებით, რაც ციხეს არ ჰქონდა, შესაბამისად წამლებს ვერ მაძლევდნენ და ვერ ვმკურნალობდი. ოპერაციის შემდგომი მწვავე გართულებებით ისევ საავადმყოფოში ავღმოვჩნდი, სადაც ხელახლა ოპერაცია გამიკეთდა და დროებითი სტენდი ჩამიდგეს. ციხის ადმინისტრაციას სტენდის ამოსაღებად ექიმის მოთხოვნით საავადმყოფოში სამ თვეში უნდა გადავეყვანე, მაგრამ ასე არ მოხდა. გავიდა 6 თვე, ტკივილებმა შემაწუხა, ციხის ადმინისტრაციისგან მოვითხოვე საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ არ გადამიყვანეს, დახმარებისთვის კლინიკას მივწერე, მაგრამ მომწერეს სტენდი მუდმივია და სიცოცხლისთვის არ არის საშიშიო. ტკივილები კი დროთა განმავლობაში გაუსაძლისი ხდებოდა...“

რამაზმა რვაჯერ თვითდაზიანება მიიყენა, ყველა ჯერზე მისი მიზანი საავადმყოფოში გადაყვანა და სტენდის ამოღება იყო, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ასე არ მოხდა. ბოლოს, მუცლის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანების დროს, თითქმის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს და სტენდიც ამოუღეს.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რამაზმა უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. ადვოკატის დახმარებით დაწერილი საჩივარი სასამართლომ ხარვეზის გამო, არ მიიღო. ბრძოლა დამოუკიდებლად განაგრძო, საჩივარი მარტომ დაწერა და პროცესებზეც ადვოკატის გარეშე ცხადდებოდა. ორი ინსტანციის შემდეგ დავა შპს “ჰელსთან“ უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა. ყოფილი პატიმრის უფლებების დასაცავად პროცესში დემოკრატიის ინსტიტუტი ჩაერთო. სააპელაციო სასამართლომ 19 ოქტომბერს დავა მოქალაქის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მოპასუხეს 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი რამინ გვარიშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზიანის ანაზღაურებაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. მსგავსი საქმე, სადაც ყოფილი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულების პროვაიდერ კლინიკას ედავება პრაქტიკაში არ ყოფილა, იურისტი გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს.

რამაზი „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ბენეფიციარია. პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი აფხაზინტერკონტი აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.