სასკოლო აქცია ყოფილი პატიმრების შვილებისთვის

სასკოლო აქცია ყოფილი პატიმრების შვილებისთვის

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნად ნამდვილი ზეიმი მოაწყო.

დემოკრატიის ინსტიტუტის ოფისში სოციალურად დაუცველ ყოფილი პატიმრების შვილებს სასკოლო ნივთები: რვეულები, კალმები, ფანქრები, სახაზავები, ჩანთები და სკოლისთვის საჭირო სხვა ნივთები საჩუქრად გადაეცათ, შემდეგ გემრიელი ტორტი დააგემოვნეს და ბათუმის თოჯინების თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.

პატარა მაყურებლებმა მთავარ გმირებთან ზანზარასა და ჩუსთან ერთად, გალაქტიკასა და წყალქვეშა სამყაროში იმოგზაურეს. თეატრმა სპექტაკლის პრემიერაზე ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებს უსასყიდლოდ უმასპინძლა.

შემეცნებითი ღონისძიება „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ბევრ სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ოჯახის წევრთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და იმერეთში. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „თანაზიართან“ ერთად ახორციელებს.