სასკოლო აქცია პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებისთვის

სასკოლო აქცია პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებისთვის

პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების შვილებისთვის დღეს, გასართობ ცენტრ „მიკის სახლში“ სასკოლო აქცია მოეწყო. სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს სასკოლო ნივთები: რვეულები, კალმები, ფანქრები, სახაზავები, ჩანთები და სკოლისთვის საჭირო სხვა ნივთები საჩუქრად გადაეცათ. აქციის ფარგლებში, საჩუქები გადაეცათ საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვებსაც. ისინი ახალ სასწავლო წელს გახარებული, ახალი იმედებითა და შემართებით შეხვდებიან.

დასაჩუქრებულმა და გახარებულმა პატარებმა გასართობი პროგრამითაც იმხიარულეს, სასიამოვნო დრო გაატარეს და ტკბილეული დააგემოვნეს. კვირას, 15 სექტემბერს, აქციის ფარგლებში პატარები, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის პრემიერას უფასოდ დაესწრებიან.

სასკოლო ღონისძიება „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წელს მეორედ ჩატარდა. პროექტი ბევრ სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, ასევე ოჯახის წევრების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობაა.

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და იმერეთში. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „თანაზიართან“ ერთად ახორციელებს.