"შეფასების წიგნაკი რომ გქონდეთ უამრავ მადლობას ჩაგიწერდით"

მამაცი, მებრძოლი, შეუპოვარი, მაგრამ უკეთილშობილესი ქალბატონი - ასე ახასიათებენ მეზობლები ქალბატონ ფერიდეს (სახელი პირობითია). თავად კი ამბობს, რომ ასეთი მრავალმა განსაცდელმა და ცხოვრებისეულმა სირთულეებმა გახადა.

67 წლის ქალბატონს, საპენსიო ასაკში ოჯახზე ზრუნვა და შემოსავლების მოძიება მარტოს მოუწია, რადგან ქმარი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა.

ფერიდეს შვილი პატიმარია, მის გარეშე უკვე 11 მძიმე წელი გამოიარა, ნახვას ხშირად ვერ ახერხებს.

„ძალიან მენატრება ჩემი შვილი ხშირად მინდა რომ ვნახო, მაგრამ ხარჯის გამო ვერ ვახერხებ ჩასვლას. მამას ვერც შვილები ნახულობენ, მეუღლეც იშვიათად აკითხავს. ჩემთვის ძალიან რთულია შვილის გარეშე ცხოვრება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მალე გათავისუფლდება“

ოჯახის მოვლა-პატრონობა ფერიდეს უწევს, ერთადერთი შემოსავალი მისი პენსიაა. დამატებითი შემოსავლების მოძიებას სოფლის მეურნეობის გზით ცდილობს. საკუთარ ნაკვეთში სხვადასხვა ბოსტნეული და მწვანილი მოყავს. მოსავალის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებში ახდენს.

პატიმრის ოჯახი დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩაერთო, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, საცელი და შესაწამლი აპარატი შეიძინა. ფერიდე მიწის ნაკვეთს უკვე რძალთან ერთად ამუშავებს და ცდილობს, რაც შეიძლება მრავალი სახეობის ბოსტნეული და მწვანილი დათესოს. იმედოვნებს, რომ მოსავალიც მეტი იქნება და ოჯახის შემოსავლებიც გაიზრდება.

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რეაბილიტაციას. ერთ-ერთი კომპონენტი მათი დასაქმებაა, რაც საოჯახო საწარმოების გაძლიერების გზით მიიღწევა.

პროექტის დახმარებით პატიმრის დედა რეაბილიტაციის სხვა სერვისებშიც ჩაერთო, იურისტის კონსულტაცია მიიღო, ასევე უფასო კარდიოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაიტარა. დემოკრატიის ინსტიტუტმა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცა.

„შეფასების წიგნაკი რომ გქონდეთ უამრავ მადლობას ჩაგიწერდით“ - ასე პოზიტიურად გვემშვიდობება ბენეფიციარი და სხვა პატიმრების დედებს გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

პროექტს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ "დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, "გურის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი", "ფონდი აფხაზინტერკონტი", ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო -ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.