სიყვარულის გამო ჩადენილი დანაშაული

სიყვარულის გამო ჩადენილი დანაშაული

დილით ადრე მეგობარს მანქანა სთხოვა და ბედნიერებისკენ გაეშურა. უნდოდა დიდი ხნის სიყვარული ოჯახურ იდილიად ექცია და დაქორწინება გადაწყვიტა, თუმცა ამ ნაბიჯს თუ მსგავსი ფაქტი მოყვებოდა არ უფიქრია. არასდროს წარმოედგინა, რომ ოჯახის შექმნის სურვილი ნასამართლობის მიზეზი გახდებოდა. საყვარელი გოგოს მოტაცების გამო, 20 წლის ს.ბ.-ს სასამართლომ 5 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი და მძიმე იყო. ჩადენილ დანაშაულს ნანობს, ამბობს, რომ ბავშვურად მოიქცა შეყვარებულის მოტაცება რომ გადაწყვიტა, მაგრამ ცუდი განზრახვა არ ჰქონია.

ს.ბ. პრობაციონერია, თუმცა ამას ცხოვრების გაგძელებაში ხელი არ შეუშლია. ყოველი დილა ახლა უკვე საინტერესო ლექციებით იწყება. ის მეორე კურსის სტუდენტია. სწავლასა და სტუდენტურ ცხოვრებას სამუშაოსაც უთავსებს და დღის მეორე ნახევარში სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობს. სწავლის პარალელურად სამსახური ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ამით ოჯახს ეხმარება.

ოჯახი ზუგდიდში ჰყავს. სწავლისა და სამსახურის გამო მათთან ჩასვლას იშვიათად ახერხებს, თუმცა ხშირად ურეკავს და სტუდენტურ ამბებს უყვება. ამბობს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მშობლებთან აუცილებლად დაბრუნდება და ბაბუას დაწყებულ საქმეს გააგრძელებს.

ბაბუა ეკვე წლებია მეფუტკრეობითაა დაკავებული და თაფლის რეალიზაციასაც ახერხებს. ფუტკრის ოჯახის მოვლა და სიყვარული ს.ბ-ს ბაბუამ ასწავლა. როცა სახლშია ფუტკრის კვებაზე, სისუფთავესა და ჯანმრთელობაზე ერთად ზრუნავენ. მეფუტკრეობის განვითარებაზეც ბაბუამ დააფიქრა. მიზნის მიღწევაში პრობაციონერს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტი დაეხმარება.

ის რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ თანაზიარის ბენეფიციარია. საქმიანობის გაფართოების მიზნით ორგანიზაციაში ბიზნეს განაცხადი წარადგინა. საოჯახო ბიზნესის მართვის ტრენინგებს დაესწრო და მეფუტკრეობის გაფართოების გეგმა დაწერა. სწავლის დასრულების შემდეგ ის ოჯახური ბიზნესის მართვას აპირებს.

საოჯახო მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესის მართვის ტრენინგები სწორედ ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებიც ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს თვითდასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

პროექტს „ყოფილი პატიმრების გაძლიერება“ დემოკრატის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი აფხაზინტერკონტი აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.