სოციალური საწარმო, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან

სოციალური საწარმო, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ „ფონდ აფხაზინტერკონტთან“ ერთად, იმერეთში სოციალური საწარმო „გათბობა-გაგრილების მომსახურების სერვისი“ გახსნა. საწარმოში, რომელიც „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული. ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, ასევე სოციალური საწარმო „აგამა“ დაათვალიერეს, რომელიც პროექტის ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა.

„გათბობა-გაგრილების მომსახურების სერვისი“, იმერეთში მომხმარებელს გათბობა-გაგრილების სისტემების დამონტაჟების უსაფრთხო და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს.

სოციალური საწარმო „აგამა“ უკვე წლებია სასათბურე პირობებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეკოლოგიურად ჯანსაღ კენკროვან კულტურებს აწარმოებს. წელს საწარმომ ევროკავშირის მხარდაჭერით, მზა პროდუქციის, მურაბებისა და კომპოტების წარმოება დაამატა. საწარმოში შექმნილია არადისკრიმინაციული გარემო, სადაც კონკურსის წესით შერჩეული ყოფილი პატიმრები არიან დასაქმებული.

ღონისძიების შემდეგ, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ბენეფიციარის ბიზნესსაქმიანობაც მოინახულეს.

პროექტის ბენეფიციარების თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. სწორედ სოციალური საწარმოები და ბიზნესსაქმიანობები ბენეფიციარებისთვის სტაბილური დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.

ღონისძიება ჩატარდა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.