სოციალური საწარმოები, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან

სოციალური საწარმოები, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან

მალე, ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, სოციალური საწარმოები გაიხსნება. საწარმოებში, სადაც სამომავლოდ შეიქმნება გრძელვადიანი სამუშაო ადგილები, ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები დასაქმდებიან.

რატომ სოციალური საწარმო?

საზოგადოებაში არსებული სტიგმა, ნასამართლევი პირების მიმართ დამსაქმებლების უნდობლობა, დაბალი კვალიფიკაცია და სხვა მრავალი მიზეზი განაპირობებს იმას, რომ ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ხშირ შემთხვევაში, მუდმივად სამუშაოს მაძიებლები არიან.

უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები განმეორებითი დანაშაულისა და რეციდივის რისკებს ზრდის, სწორედ ამიტომ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის განხორციელების პერიოდში, დაიგეგმა, ისეთი დასაქმების ადგილების შექმნა, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსურად უზრუნველყოფდა და გააძლიერებდა ბენეფიციარებსა და მათ ოჯახებს.

სწორედ სოციალური საწარმო მისცემს შესაძლებლობას ყოფილ პატიმრებს არა მხოლოდ თავად დასაქმდნენ, არამედ დაასაქმონ სხვა ბენეფიციარებიც. საწარმოები იქნება ისეთი ადგილი, სადაც ნასამართლევ პირებს კარს კი არ დაუხურავენ, არამედ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების შანსს მისცემენ.

ერთ-ერთი სოციალური საწარმო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობა იქნება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურების წარმოებას გეგმავს, ასევე ის მზა პროდუქციას მურაბებისა და კომპოტების სახით აწარმოებს. საწარმოს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია „ფონდი აფხაზინტერკონტი“ აკეთებს, რომელსაც სოციალური საწარმოს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელი არჩილ ელბაქიძე სოციალური საწარმოს იდეასა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა:

„წლებია, უკვე სოციალურ საწარმოს ვამუშავებთ, ჩვენმა თანამშრომლებმა საერთაშორისო დონის ტრენინგები გაიარეს და მაღალკვალიფიციური გამოცდილებით ასრულებენ თავიანთ საქმეს. ჩვენი პროდუქცია უკვე დამკვიდრებულია ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა გვაქვს ამბიცია, რომ უფრო მეტის შექმნას შევძლებთ. ამიტომ საწარმოს კიდევ ერთი მიმართულება დავამატეთ - მზა პროდუქციის წარმოება. ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურების მოყვანის გარდა, საწარმოში მზა პროდუქცია მურაბის და კომპოტის სახით იწარმოება. დაგეგმილია, ბოსტნეულისა და მწვანილის მოყვანაც. სოციალურ საწარმოში დასაქმდებიან პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები: პატიმართა ოჯახის წევრები და ყოფილი პატიმრები, რომლებიც აითვისებენ ახალ ტექნოლოგიებს, საწარმოო უნარ-ჩვევებს. მათ ასევე სამომავლოდ საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელებაში შეეწყობა ხელი. საწარმო გაიმართება „ფონდი აფხაზინტერკონტის“ საკუთრებაში არსებულ 1500 მ.კვ. 2 სათბურში და 100 მ.კვ შენობაში. სოციალური საწარმო ძირითადად იმერეთის რეგიონში განახორციელებს საქმიანობას“ - ამბობს არჩილ ელბაქიძე.

კიდევ ერთი საწარმო, რაზეც „ფონდი აფხაზინტერკონტის“ ხელმძღვანელი გვესაუბრა გათბობა-გაგრილების სისტემის დამონტაჟების სერვისს ეხება.

აღმოჩნდა, რომ ყოფილი პატიმრების დიდ ნაწილს გათბობა-გაგრილების სისტემის დამონტაჟება ეხერხება. შესაბამისად, მომსახურების ამგვარი სერვისის ჩამოყალიბების იდეაც მათ გაუჩნდათ. სოციალური საწარმო იქნება გათბობა-გაგრილების სისტემების დამონტაჟების უსაფრთხო და მაღალკვალიფიციური მომსახურება. საწარმო იფუნქციონირებს ქუთაისის ბიზნეს ინკუბატორის ფართში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ადგილას არის განთავსებული. საწარმოში ბენეფიციართა დასაქმებასთან ერთად, მათ გადამზადებაზეც იზრუნებენ. უკვე შერჩეულია სპეციალისტები, ორი ყოფილი პატიმარი, რომელთაც საინჟინრო მომსახურების 20 წლიანი გამოცდილება აქვთ.

პირველ ეტაპზე სოციალური საწარმოსთვის ბენეფიციარი ვაკანსიის საფუძველზე, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად შეირჩევა.

ერთი წლის განმავლობაში, სოციალურ საწარმოში 10 ბენეფიციარის გადამზადებაა დაგეგმილი, დასაქმდება 4 ოჯახის წევრი. წარმოებაში მიღებული შემოსავალი ძირითადად საწარმოო ხარჯებსა და დასაქმებულთა ანაზღაურებაზე გადანაწილდება. სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ საწარმოში ანაზღაურება დღეებისა და გამომუშავების მიხედვით მოხდება, საინჟინრო საქმიანობაში კი კონტრაქტის და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სოციალურ საწარმოში მიღებული ნაწარმის რეალიზება

პროდუქციის რეალიზება ძირითადად იმერეთის რეგიონში, კვებითი მომსახურების ობიექტები და საკოლმეურნეო ბაზარია. პარალელურად მოლაპარაკება მოხდება საბითუმო კომპანიებთან, დისტრიბუტორებთან, რომლებიც ამარაგებენ იმერეთის სუპერმარკეტებს. წლიურად 1500კგ მარწყვისა და 3500 ქილა მარწყვის მურაბის წარმოება-რეალიზებაა დაგეგმილი. მარწვის გასაყიდი ფასი 4,5 ლარია, ხოლო ერთი ქილა მარწყვის მურაბის - 3 ლარი.

სოციალური საწარმო კენკროვანი კულტურებისა და მზა პროდუქციის ასორტიმენტის მრავალფეროვნებით, გეგმავს არა მხოლოდ დასაქმების ადგილების შექმნას მოწყვლადი ჯგუფებისთვის, არამედ შემოტანილი პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას.

სოციალური საწარმოების გახსნა პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონშიც იგეგმება.

სოციალური საწარმოები შეიქმნება "დემოკრატიის ინსტიტუტის" "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში.

პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.