სპორტულ-გასართობი ღონისძიება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის

სპორტულ-გასართობი ღონისძიება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის

ბონის სპორტულ დარბაზში ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების მონაწილეობით მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობდნენ დემოკრატიის ინსტიტუტისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აჭარის პრობაციის ბიუროს ბენეფიციარები. გუნდები წარმოდგენილი იყვნენ აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონებიდან.

პირველი თამაში აჭარისა და გურიის გუნდებს შორის გაიმართა. 40 წუთიანი საინტერესო თამაშის შემდეგ, გამარჯვება აჭარის გუნდმა მოიპოვა.

იმერეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის ბენეფიციარებს შორის შეჯიბრი კი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. საბოლოოდ რეგიონებს შორის გამარჯვებული გუნდი აჭარა გახდა, რომელმაც პრობაციონერებთან დამატებითი თამაში ფრედ დაასრულა. ტურნირში მონაწილეებს სიგელები, ხოლო გამარჯვებულ გუნდებს თასები გადაეცათ.

ტურნირში მონაწილე გუნდებმა გონიოს ციხესიმაგრე და ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს, ასევე მოეწყო მცირე ექსკურსია ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

ღონისძიების მიზანი იყო, ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ბენეფიციარების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.

(ფოტოები დაბლარულია ბენეფიციარების თხოვნით)

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აჭარის პრობაციის ბიურო, აჭარის არ განათლების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.