დასაქმების შესაძლებლობა ყოფილი პატიმრებისთვის

დასაქმების შესაძლებლობა ყოფილი პატიმრებისთვის

ლადო (სახელი პირობითია) საპატიმროში გატარებულ 5 წელს ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს უწოდებს. ციხეში ყოფნის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენჯერმე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩაუტარდა სამი ოპერაცია, იყო მართვით სუნთქვაზე, უგონო მდგომარეობაში, გადარჩენის მინიმალური შანსით... თუმცა ხანგრძლივი ინტენსიური მკურნალობის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა. პატიმრობის დარჩენილი თვეები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მოეხსნა და გათავისუფლდა.
ყოფილი პატიმარი სოციალურად დაუცველია, საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ისევ აქვს, მკურნალობას საჭიროებს, მაგრამ მედიკამენტების შესაძენად თანხები არ გააჩნია.
ბენეფიციარი პროფესიით ბუღალტერია. ამბობს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დასაქმებისთვის რამდენიმე კერძო კომპანიას მიმართა, მაგრამ არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო, დამსაქმებლები უარს ეუბნებიან.
„პროფესია, რომელიც წლების წინ პოპულარობის გამო ავირჩიე, დღეს უკვე საკმაოდ მოთხოვნადი და შემოსავლიანია. პატიმრობის პერიოდში ვფიქრობდი, რომ გათავისუფლების შემდეგ ჩემი პროფესიით დავსაქმდებოდი, მაგრამ გარეთ სულ სხვა რეალობა დამხვდა. ყველას გამოცდილი და კვალიფიციური კადრი სჭირდება. ციხეში გატარებული წლები ჩემთვის დაკარგულია. ბევრი რამ შეიცვალა, ტექნოლოგიები განვითარდა, ამიტომ არასაკმარისი ცოდნის გამო, ვეღარ დავსაქმდი. ჯანმრთელობაც არ მიწყობს ხელს, რომ შავ მუშად ვიმუშავო. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი“.
გამოუვალი მდგომარეობა ბენეფიციარისთვის ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩართვის შემდეგ შეიცვალა. ლადო სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო და ბუღალტერიის პრაქტიკული კურსები გაიარა, სხვადასხვა საჭირო პროგრამებს დაეუფლა, კვალიფიკაცია აიმაღლა, რაც სამომავლოდ სამსახურის მოძიებაში დაეხმარება.
პროფესიული სწავლება-გადამზადება და თვითდასაქმება - ეს ის მნიშვნელოვანი სერვისებია, რომლებსაც ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს დემოკრატიის ინსტიტუტი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „თანაზიარი“, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ სთავაზობს.
ყოფილ პატიმრებთან მუშაობის პრაქტიკამ ცხადყო, რომ ბენეფიციარები ციხიდან გამოსვლის შემდეგ უმეტესად დასაქმების პრობლემას აწყდებიან. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტში პროფესიული სწავლებისა და გადამზადების კომპონენტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბენეფიციარების თვითდასაქმებას, რადგან ტრენინგებისა და გადამზადების გზით, ისინი პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ახერხებენ.
პროექტი ყოფილ პატიმრებს, პატიმრის ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს სხვადასხვა ტრენინგ კურსებსა და სემინარებს სთავაზობს.
პროექტს „ყოფილი პატიმრების გაძლიერება“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად იმერეთში, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და აჭარაში ახორციელებს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.