ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია - ტრენინგი ბენეფიციარებისთვის

ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია - ტრენინგი ბენეფიციარებისთვის

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბენეფიციარებმა „დემოკრატიის ინსტიტუტში“ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მორიგი ტრენინგი გაიარეს. მსმენელებმა Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის რეკლამირება შეისწავლეს.

ციფრული მარკეტინგის უპირატესობები, Facebook-ისა და სხვა სოციალური ქსელების გამოყენება პირადი და საქმიანი მიზნებისთვის, სოციალური ქსელების გამოყენება ბიზნესისთვის, Facebook-ი მეწარმეებისთვის, ბიზნესისთვის გვერდის შექმნა, გვერდის მართვა/ადმინისტრირება, კონტენტის შექმნა, რეკლამის განთავსება. ეს ის საკითხებია, რასაც თითოეული მსმენელი თავის სამეწარმეო საქმიანობაში სამომავლოდ აქტიურად გამოიყენებს.

მსმენელებმა ტრენერებთან ერთად პრაქტიკული სამუშაოებიც შეასრულეს, სხვადასხვა წარმატებული ბიზნეს კომპანიის facebook გვერდი განიხილეს, ასევე პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით შექმნეს საკუთარი კომპანიის გვერდი და საჯაროდ გააზიარეს პირველი ინფორმაცია.

„Facebook-ის გამოყენება და ფოტოების ატვირთვა დღეს ყველას შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი მიზნობრივად გამოიყენო შენი საქმიანობის რეკლამისთვის. ამ ტრენინგის შედეგად გავიგე, რომ ციფრული მარკეტინგის საშუალებით შესაძლებელია უფრო მაღალი შედეგის მიღწევა. მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში ფოტოები იყოს კარგი ხარისხის და ტექსტები იყოს საინტერესო. ახლა ვფიქრობ გვერდის მოწონებები გავზარდო, რომ უფრო მეტმა მომხმარებელმა გაიცნოს ჩვენი ნამუშევრები“ - ტრენინგის ერთ-ერთი მსმენელი.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ სამომავლოდ სოციალური მედიის პრაქტიკულ ტრენინგს იმ ბერნეფიციარებისთვის ჩაატარებს, რომლებიც საკუთარი საწარმოსთვის სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებს უკვე იყენებენ.

ტრენინგი ჩატარდა "დემოკრატიის ინსტიტუტის" "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.