ციხეში ნასწავლი პროფესია

ციხეში ნასწავლი პროფესია

ძაღლებზე ისე საუბრობს, როგორც ადამიანებზე და საუკეთესო მეგობრებზე. მათი სიყვარული ბავშვობიდან აქვს, წლების შემდეგ ინტერესის სფერო უკვე ჰობი, შემდეგ კი პროფესია გახდა.

როგორც ამბობს საქართველოში კინოლოგიური განათლების მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია, ცოდნა საკუთარი გამოცდილებით, ძაღლების რეაქციაზე დაკვირვებით და სახელმძღვანელოების კითხვით შეიძინა, ამისთვის კი ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა.

15 წელი საპატიმროში გაატარა. მთელი ამ დროის განმავლობაში ციხის გარემო საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენა. ბორისის ძალისხმევამ და ციხეში წაკითხულმა კინოლოგიურმა ლიტერატურამ უშედეგოდ არ ჩაიარა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმარი რამდენიმე წელიწადში კინოლოგი გახდა.

გათავისუფლების შემდეგ კინოლოგიის რამდენიმე კურსიც გაიარა, პრაქტიკული ცოდნის მისაღებად ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში დადიოდა, სადაც დღემდე მოხალისედ მუშაობს.

პირველი ძაღლი 13 წლის ასაკში ყავდა, ჰყოლია პიტბული, პუდელი და გერმანული ნაგაზი. ძაღლებს უვლის და წვრთნის კიდეც, ეს მისი ყველაზე საყვარელი საქმეა.

„ყველაზე მშვიდად და კარგად თავს ცხოველებთან ერთად ვგრძნობ. 35 წლისამ დავიწყე ამ საქმის სწავლა და უკვე მაქვს წარმატებები. ძალიან ბევრი ძაღლი მყავს, ზაფხულში არ დამისვენია, პატრონები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და მოსავლელად მე დამიტოვეს, დამღლელი სეზონი იყო, თუმცა შემოსავლიანი. ცხოველი ადამიანის აურას გრძნობს, ეს მართალია, ალბათ მათაც მოვწონვარ და თავს ჩემთან კომფორტულად გრძნობენ, ამიტომაც მყავს ამდენი ერთგული მეგობარი.“

კინოლოგიის გარდა ბორისი ერთ დროს მხატვრობითაც იყო დაკავებული. ამზადებდა ხელნაკეთ ნივთებს, ხატებს, ჯვრებს. როგორც ამბობს მისი დამზადებული ჯვრები ბათუმში, გურიაში, თბილისში და სხვა რეგიონების ტაძრებშია. ძაღლების მოვლისა და წვრთნების პარალელურად იშვიათად, თუმცა მაინც ახერხებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებას, რასაც ახლობლებს და მეგობრებს ჩუქნის.

ბორისი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამის მონაწილეა. მიუხედავად ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკისა ერთი დღე საკუთარ თავს დაუთმო და პროგრამის სხვა ბენეფიციარებთან ერთად იმერეთის ღირსშესანიშნაობები მოინახულა.

„მოწამეთას ნახვა ჩემთვის ოცნება იყო, დიდი ხანია ვგეგმავდი წასვლას, მაგრამ ვერა და ვერ ვახერხებდი. პირველად ვნახე პრომეთეს მღვიმე და ოკაცეს კანიონიც. დიდი მადლობა ექსკურსიის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის“

სამომავლოდ ფიქრობს რომ რესოციალიზაციის პროგრამის სხვა სერვისებითაც ისარგებლოს.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას "დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან „თანაზიართან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან" ერთად, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.