ციხისძირი წყლის ამოფრქვევის მოლოდინში

ციხისძირი წყლის ამოფრქვევის მოლოდინში

ციხისძირის ცენტრში, შადრევანში წყალი არა, მაგრამ დაპირება, რომ წყალი იქნება - არის. ამაზე საარჩევნო პლაკატები გვამცნობენ.
სანამ ქვეყანაში საბოლოო საარჩევნო შედეგებს გვაცნობენ, მანამ მოსახლეობის აქტიური ნაწილი განაგრძობს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტში მონაწილეობას და სახელმწიფოსთვის საკუთარი ხმის მიწვდენას თავად ცდილობს.
პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის მცხოვრებლები გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად საპეტიციო პრობლემებს იკვლევენ და აქტიურ, ლიდერ მოქალაქეებს არჩევენ, რომლებიც დასახლებაში, ქალაქსა და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე პეტიციებს ამზადებენ და თვითმმართველობაში წარადგენენ. ისინი საკრებულოებში წარდგენილ საკითხებზე მომხსენებლები თავად არიან.
რაც შეეხება ციხისძირის პრობლემებს:
1. შიდა გზები და განათება;
2. წყალმომარაგებაში არსებული პრობლემების მოგვარება;
3. სოფლის საჭიროებისათვის ადგილზე ტრაქტორის შეძენა;
4. ციტრუსის რეალიზაციაში ხელშეწყობა (ტრანსპორტირება, მიმღები პუნქტის მოწყობა);
5. დამისამართების აბრების დამზადება და მონტაჟი;
6. დასახლების ცენტრის კეთილმოწყობა;
7. სოფლის კლუბის ფუნქციონალური დატვირთვა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა;
8. საბავშვო ატრაქციონის მოწყობა ცენტრში;
შეხვედრაზე ვრცელი დისკუსია გაიმართა დასახლების ცენტრის კეთილმოწყობის საკითხზე. მოსახლეობის ნაწილი სანაგვედ ქცეული, უწყლოდ დარჩენილი შადრევნის გაუქმებას და აღნიშნულ ადგილზე სკვერის და ატრაქციონების მოწყობას ითხოვს. ნაწილი შადრევანში დაპირებული წყლის ამოფრქვევის მოლოდინშია.
აქტიური განხილვის თემად იქცა სოფლის კლუბის ფუნქციაც. გარემონტებული შენობა მატერიალური და ტექნიკური რესურსების გარეშეა დარჩენილი. სიმღერის და ცეკვის მოტივაცია არის - ინსტრუმენტები არა.
შეხვედრაზე არასაპეტიციო, თუმცა სწავლის მოტივაციაც ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო. დაბალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტი ციხისძირის საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესების წარმართვას ართულებს.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საპეტიციო პრობლემების გამოვლენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებს და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად ➠http://bit.ly/2ed7vCFპეტიცია-ხალხის-ხმა