ცხოვრება 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ

ცხოვრება 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ

გიორგი აზნაუროვი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ბენეფიციარია. ის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ სარეაბილიტაციო სერვისებით სარგებლობს. პროექტის ფარგლებში, საგრანტო დაფინანსება ორჯერ მიიღო და საოჯახო ბიზნესისთვის სამუშაო ხელსაწყოები შეიძინა.

გიორგი დურგალია, მისი წინაპრებიც დურგლები იყვნენ, მამა-პაპისეული პროფესია და გამოცდილება არც გათავისუფლების შემდეგ მიატოვა. ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. საკუთარ სახლში ხის საამქრო მოაწყო, მართალია, ოზურგეთში, სადაც ის ცხოვრობს ხის ავეჯს იშვიათად ყიდულობენ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, როგორღაც ერგება ბაზარს.

საპატიმროში გიორგი აზნაუროვმა თითქმის ათი წელი გაატარა. პატიმრობის შემდეგ უმეტეს ნაწილს გარემოსთან ადაპტაცია უჭირს, თუმცა გიორგი ამ მხრივ გამონაკლისია.

,,გათავისუფლების შემდეგ ვიგრძენი, რომ საზოგადოების ნაწილი საეჭვოდ და არასრულფასოვნად მთვლიდა. ალბათ იმიტომ გამიმართლა, რომ იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ბევრს ვკითხულობდი, ვვარჯიშობდი, სარეაბილიტაციო პროგრამებშიც ჩავერთე და არ მოვეშვი, თითქმის ათი წელი ვიყავი პატიმარი, მაგრამ ვიცოდი, გათავისუფლების შემდეგ რას გავაკეთებდი, რადგან ჩემი წინაპრებისგან შეძენილი პროფესია უკვე მქონდა" - ამბობს გიორგი აზნაუროვი.

გათავისუფლების შემდეგ გიორგიმ რეაბილიტაცია მალევე მოახერხა და დღეს ის ოჯახში ერთადერთი მარჩენალია.

გიორგი აზნაუროვის მსგავსად „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ორი წლის განმავლობაში არაერთი ბენეფიციარი ჩაერთო, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ისინი სხვადასხვა სერვისით სარგებლობენ, მათ შორის იურიდიული, სამედიცინო მხარდაჭერით, დასაქმების ხელშემწყობი პროგრამებითა და შემეცნებით-კულტურული ღონისძიებებით.

პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.