"ცხოვრებაში ერთი შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს"

ეს მისი სახელოსნოა, რომელიც თავად მოაწყო, დღის უმეტეს ნაწილს სწორედ აქ ატარებს და ხისგან სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებს. ხელობა წინაპრებისგან შეისწავლა და შეიყვარა. ახლა ცდილობს ხის ნაკეთობები თავის ორ შვილს შეაყვაროს და ოსტატობა ტრადიციულად მომავალ თაობებს გადასცეს.

42 წლის კობა ფიფია წალენჯიხაში სოფ ჩქვალერში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს მოხუცი მშობლები მეუღლე და ორი ვაჟი. სკოლის დამთავრებისთანავე ბაბუასთან ერთად ხის ნაკეთობებზე დაიწყო მუშაობა, ამიტომ რაიმე პროფესია არ შეუძენია. ამჟამად უმუშევარია, ძირითადად დაკავებულია ხის ნივთების დამზადებით, რომლის რეალიზებას თავად ახდენს.

კობა პრობაციონერია, ორი წლის წინ ტყის უკანონოდ გაჩეხვის გამო, სასამართლომ 1 წლით პირობითი მსჯავრი და 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. თუმცა, სასამართლო განაჩენი ხელს არ უშლის, რომ მიზნები და დასახული გეგმები შეასრულოს, ყოველი დღე მისთვის სიახლის ძიებისა და ახალი საქმის დაწყების სურვილით იწყება.

„მინდოდა ჩემი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, მთელი სოფლისთვის დამემტკიცებინა, რომ ცხოვრებაში ერთი შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს და ეს არ უნდა იყოს განაჩენი. ჩვენს სოფელში ერთ-ერთი მთის თავზე ჩემი ხელით ჯვარი გავაკეთე. ჯვარი რკინისგან დავამზადე და ზედ სარკეები დავამაგრე ისე, რომ შორიდანაც შესაძლებელი ყოფილიყო მისი დანახვა. მას მთელი სოფელი ხედავს დღისითაც და ღამითაც. ვამაყობ, რომ სოფელს მოსწონს ჩემი ნაკეთობა“.

საეკლესიო ნივთების გარდა, ხის ოსტატი სამზარეულოს ნივთებს, ხის სკამებს, მაგიდებს და სუვენირებს ამზადებს. ტურისტულ სეზონზე სვანეთის გზაზე პატარა ჯიხურის მოწყობას გეგმავს, სადაც თავის ნაკეთობებს ტურისტებს გააცნობს და იმედოვნებს, რომ გაყიდვებიც გაიზრდება.

კობა დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ მონაწილეა. მან სამეგრელოში ორგანიზაცია „თანაზიარს“ მიმართა, სადაც ხელსაქმის გაფართოების მიზნით, მცირე დაფინანსებაც მიიღო.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი, დასავლეთ საქართელოს ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.