ყოფილი პატიმრების ხის საამქრო

ყოფილი პატიმრების ხის საამქრო

იმერეთის რეგიონში მცხოვრები გიორგი ლომსიანიძე ერთ-ერთია, რომელმაც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თავისი ხელობით დასაქმება და რეალიზება შეძლო. ყოფილი პატიმარი ხის საამქროში უკვე წლებია მუშაობს. ამზადებს ხის სკამებს, კარებს, კარადებს, მაგიდებს, საოფისე და სარესტორნო ინვენტარს. საამქროში მასთან ერთად კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი მუშაობს, რომელმაც ხეზე მუშაობა ციხეში შეისწავლა.

„ჩვენ ერთად ვიყავით საპყრობილეში, ერთ საკანში ვისხედით. ხეზე ვმუშაობდი თვითონაც დაინტერესდა ამ საქმით. ერთ დღეს მოვიდა და მითხრა, რომ მისთვის ხეზე კვეთა მესწავლებინა. ძალიან მონდომებული იყო, კარგადაც გამოსდიოდა. ერთად ვჩარხავდით სხვადასხვა ნივთს და თან დრო გაგვყავდა“ - იხსენებს პატიმრობის წლებს გიორგი ლომსიანიძე.

ყოფილი პატიმარი ხის საამქროში დაკავებამდეც მუშაობდა. ზუსტად იცოდა, რომ პატიმრობის შემდეგ ძველ საქმეს დაუბრუნდებოდა, თუმცა გათავისუფლებულს საამქროში დანადგარების ნაწილი აღარ დახვდა.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ მეგობრისგან გაიგო. იმერეთში პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას „ფონდ აფხაზინტერკონტს“ მიმართა, სოციალური მუშაკის მხარდაჭერით ბიზნეს განაცხადი დაწერა და მცირე გრანტი მიიღო. გიორგიმ ხის საამქროსთვის სამუშაო ხელსაწყოები შეიძინა, რომლის საშუალებით უფრო სწრაფად და მოხერხებულად მუშაობს.

„ამ ხელსაწყოთი ისეთ დეტალებზე ვმუშაობ, რასაც ადრე ხელით ვასრულებდი. ხშირად მიკვეთავენ სარესტორნო ავეჯს, რომელსაც განსხვავებული კონტურები სჭირდება, ახალი ხელსაწყოთი კი თავისუფლად ვახერხებ ყველა დეტალზე მუშაობას. რაც ეს ხელსაწყოები შევიძინე შეკვეთების რაოდენობაც გაიზარდა".

გიორგი საკუთარ სახელოსნოში თანამესაკნესთან ერთად აქტიურად მუშაობს და ამბობს, რომ უფრო მეტი სტიმული მიეცა, რადგან ციხიდან გათავისუფლებულ კიდევ ერთ ადამიანს რეაბილიტაციაში დაეხმარა. ყოფილი პატიმარი ასევე მზადაა ციხიდან გათავისუფლებულ პირებს გაუზიაროს ცოდნა და სრულიად უსასყიდლოდ შეასწავლოს ხეზე მუშაობა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტის მთავარი მიმართულებები:

• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;

• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;

• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;

• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;

• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

• იურიდიული დახმარება.

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

დემოკრატიის ინსტიტუტი /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

აფხაზინტერკონტი / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78