უარი მოქალაქეთა პეტიციას

უარი მოქალაქეთა პეტიციას

ბათუმის საკრებულომ მოსახლეობის მიერ ინიცირებული პეტიციის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. პეტიცია, რომლითაც ინიციატორები თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანას, სარეკრიაციო ზონის ტერიტორიაზე უძრავი ქონების დასაშვები სახეობების ჩამონათვალიდან კაფეების, რესტორნების, სასტუმროების, საეკლესიო ობიექტების ამოღებას ითხოვდნენ არ დააკმაყოფილა.

ადგილობრივი კანონმდებლობის საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, საჯარო სივრცით სარგებლობის შეზღუდვა და მწვანე საფარის სიმცირე-ეს ის მთავარი არგუმენტები იყო, რის გამოც ინიციატორები დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.

„ ბათუმში 2013 წლის მონაცემებით რეკრაციული და მწვანე სივრცეები მინიმალურ ზღვარს ქვემოთაა და ერთ სულ მოსახლეზე 4 კვ/მ შეადგენს, მაშინ როცა მინიმალური ზღვარი 12 კვ/მ-ია. ამას ემატება ის გარემოება, რომ შესაძლოა ეს ციფრები მოქმედი დადგენილებით, რომლითაც რეკრიაციულ ზონაში რესტორნების და სასტუმროების მშენებლობა დაშვებულია კიდევ უფრო შემცირდეს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ რეკრიაციულ ზონაში დასაშვები ობიექტების ჩამონათვალი უნდა შემცირდეს და რეგიონული კანონმდებლობა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან შესაბამისობაში მოვიდეს (დაიშვას მხოლოდ რეკრიაციული ზონის ფუნქციონირებისათვის საჭირო ობიქტების მშენებლობა )“-აცხადებს პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი ნათია აფხაზავა.

ბათუმის საკრებულოს დღევანდელ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მერიის წერილი. ბათუმის საკრებულოსთვის მიწერილ წერილში ბათუმის მერი წერდა:„მერია ნაწილობრივ იზიარებს პეტიციის ავტორთა ინიციატივას და შესაძლებლად მიიჩნევს მოცმეულ დადგენილებაში იმდაგვარი ცვლილებების შეტანას, რომლითაც შეიზღუდება სარეკრიაციო ზონის ტერიტორიაზე ობიექტების მშენებლობაზე ნებართვების გაცემა, მწვანე ნარგავების შემცირების ხარჯზე. სხვა მხრივ მერია ვერ გაიზიარებს პეტიციის ავტორთა ინიციატივას სარეკრიაციო ზონის ტერიტორიაზე მთლიანად მოხდეს კაფეებისა და რესტორნების, სასტუმროების, საეკლესიო ობიექტების მშენებლობის აკძალვა“.

წერილში ბათუმის მერი გადაწყვეტილებას რამდენიმე გარემოებით ხსნის და წერს, რომ ბათუმის განვითარებისთვის, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირების თავიდან აცილების, ასევე ტურიზმის ხელშეწყობისთვის აუცილებელია, რომ რეკრიაციულ ზონაში დასშვები იყოს მსგავსი სახის ობიექტებზე ნებართვების გაცემა, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ობიექტის მშნებლობით არ იზღუდება რეკრიაციული ზონით სარგებლობა და არ მცირდება მწვანე ნარგავების რაოდენობა.

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა საკუთარი პოზიცია იმითაც გაამყარეს, რომ ეს არ იყო მათი კომპეტენცია და ის გადაწყვეტილება, რომელიც საკრებულოს უნად მიეღო, პეტიციის ინიციატორებს ისინი მერიასთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.

„ვითხოვ, რომ მერიის პასუხი გახდეს საჯარო, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის მერიის პოზიცია, მათი დამოკიდებულება და არა საკრებულოსი“ -განაცხადა სხდომაზე საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მიქელაძემ.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი 2016 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს და მის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.