უკეთესი მომავლის იმედად

უკეთესი მომავლის იმედად

მეუღლის საპატიმროში მოხვედრის შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ოჯახის მთელი ტვირთი მხრებზე დააწვა და არაერთი ფუნქციის შეთავსება მოუხდა.

დროთა განმავლობაში სოციალური დახმარების ამარა დარჩენილ 5 სულიან ოჯახს თავის გატანა დღითი-დღე უძნელდებოდა. ამიტომ იძულებული გახდა შემოსავლის ალტერნატიულ წყაროზე ეფიქრა. ხელი სოფლის მეურნეობას მიჰყო, თუმცა სირთულეს აქაც გადაეყარა. იმის გამო, რომ სათბურის მოსაწყობად საჭირო თანხა არ გააჩნდა იძულებული გახდა მხოლოდ ბოსტანში პროდუქტის მოყვანით დაკმაყოფილებულიყო.

იხსენებს, რომ არაპროგნოზირებადი ამინდების გამო, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში გაწეული შრომაც, რომელიც მის ოჯახს თვიდან-თვემდე თავის გასატანად ეხმარებოდა წყალში არაერთხელ ჩაეყარა. ფარხმალი მაინც არ დაყარა, გადაწყვიტა, რომ არსებული მძიმე მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი სასათბურე მეურნეობის მოწყობა და საქმიანობის იქ გაგრძელება იყო.

სათბურის მოწყობის იდეით არასამთავრობო ორგანიზაციას “თანაზიარს” მიმართა და მიზნის განსახორციელებლად დახმარება სთხოვა. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში ქალბატონ ნანას სათბურის მოსაწყობად საჭირო ნივთების შეძენა დაუფინანსდა.

მალე ქალბატონ ნანას საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში სათბური ექნება. დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება და ციხეში მყოფ მეუღლეზე ზრუნვაც გაუადვილდება.

უკვე შემოდგომისთვის სათბურში პირველი ჩითილების გამოყვანას ელდოება. სურს, რომ საქმიანობა უწყვეტად გააგრძელოს. ზამთარში სათბურში მწვანილის მოყვანას გეგმავს. წარმოებული პროდუქციის რაელიზებას ადგილობრივ აგრარულ ბაზარზე აპირებს. ამბობს, რომ გაყიდვა არ გაუჭირდება, რადგან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, უკვე ყავს საკუთარი დამკვეთებიც.

ევროკავშირის დაფინანსებით მოქმედი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის ინსტიტუტი პატრნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების გაძლიერებაზე მუშაობს. პროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ პატიმრის ოჯახის წევრებიც, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახის წევრის საპატიმროში მოხვედრის შემდეგ ხშირ შემთხვევაშ მკვეთრად უარესდება და ფაქტიურად შემოსავლის წყაროს გარეშე რჩებიან. ბენეფიციარების თვითდასაქმება მათივე სურვილისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით, საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით მიმდინარეობს.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი "აფხაზინტერკონტი" ახორციელებს.