უსინათლო ბენეფიციარი შშმ პირთა საჭიროებებზე

უსინათლო ბენეფიციარი შშმ პირთა საჭიროებებზე

გიამბობთ დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ბენეფიციარზე, რომელიც თავისი თვისებებით იყოს მებრძოლი ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე გამორჩეულია.

42 წლის ალექს წეველიძე უსინათლოა, თუმცა მისი ეს ფიზიკური მდგომარეობა არც მეტი არც ნაკლები დაპატიმრების დროს მიყენებული ტრავმით არის გამოწვეული. დაკავების პროცესში საფინანსო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა იარაღის ლულა თვალში ჩაარტყა, გუგა დაუზიანდა და მხედველობა მაშინვე დაკარგა. 2006 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლეს.

პატიმრობის პერიოდს როგორც უმრავლესობა თავადაც მძიმედ და უსიამოვნო მოგონებებით იხსენებს. არ სურს მძიმე წლების დეტალურად გახსენება, მაგრამ ამბობს, რომ რეჟიმი მართლაც სასტიკი იყო. წლების შემდეგ დაზიანებული თვალიდან პრობლემა მეორე თვალზეც გადავიდა და ახლა მხოლოდ დღისა და ღამის გარჩევა შეუძლია. დამნაშავეს მაინც არ უჩივლა...

იმის პარალელურად, რომ ალექსი დემოკრატიის ინსტიტუტის რეაბილიტაციის სერვისებით სარგებლობს, თავად არის არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ ხელმძღვანელი და უსინათლოთა პრობლემებზე მუშაობს.

ამბობს, რომ ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მრავალი საჭიროება აქვს შშმ პირებს. ყველაზე მთავარი ადაპტირებული გარემოა. სამწუხაროდ ალექსს დამოუკიდებლად გადაადგილება ეზღუდება. ტროტუარებზე განთავსებული უსინათლოთა ბილიკი ხშირად შუაში წყდება ან კიდევ უფრო უარესი ამ ბილიკს თუ გაყვები რამდენიმე ადგილას ხეს შეეჯახები.

არაადაპტირებული გარემოა მიზეზი, რომ ალექსი ქალაქის ქუჩებში მხოლოდ მეგობრის დახმარებით გადაადგილდება. სწორედ მეგობრის დახმარებით მოახერხა დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ოგანიზებულ ექსკურსიაზე წამოსვლა. იმერეთში სხვადასხვა ღირსსესანიშნაობის დათვალიერებისას გარემოს შესახებ მეგობარი უამბობდა.

სპეციალური, ხმოვანი პროგრამების დახმარებით ალექსი შეუფერხებლად სარგებლობს ინტერნეტით, წერს პროექტებს და მეგობრებთან ერთად მეურნეობას უვლის. მას ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში ჟოლოსა და მარწყვის მეურნეობა აქვს. ყოველწლიურად 6-8 ადამიანს ასაქმებს. სამეურნეო საქმეში მას ოჯახი ეხმარება. ალექსის 5 წლის შვილი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში სიამოვნებით ერთვება.

"ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო -ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.