"დემოკრატიის ინსტიტუტმა" ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე პრობაციონერებისთვის არაერთი ტრენინგი ჩაატარა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსიც გაიარეს. ამჯერად კი ყოფილი პატიმრები, პატიმრის ოჯახის წევრები და პრობაციონერები ბიზნესის მართვის ტრენინგ კურსს დაესწრნენ.
როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სახელის სწორად შერჩევა და რამდენად შესაძლებელია აღნიშნული ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რის შესახებაც "დემოკრატიის ინსტიტუტის" ტრენერმა ისაუბრა.
ტრენინგს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ. ზოგიერთ მათგანს წარმატებული ბიზნესი აქვს, მსმენელთა ნაწილი კი სამომავლოდ გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რაშიც ტრენინგი მნიშვნელოვნად დაეხმარება.
"თითქმის ათი წელია ვკერავ, ადრე სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობდი, მაგრამ პირობები აღარ მაკმაყოფილებდა და წამოვედი. ძალიან მძიმე გრაფიკი მქონდა, ბევრჯერ ღამის 2 საათზეც გამოვსულვარ სამსახურიდან იმდენად ბევრი იყო შეკვეთა. მოკლე დროში უნდა მოგვესწრო მისი დამზადება, ამიტომ რთულ პირობებში გვიწევდა მუშაობა. ხელფასი ძალიან დაბალი იყო. ოჯახის წევრები ხშირად მსაყვედურობდნენ, ბოლოს გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად წამომეწყო საკუთარი ბიზნესი. თავდაპირველად გამიჭირდა მარტო მუშაობა, თვეში ორას და სამას ლარზე მეტი შემოსავალი არ მქონდა, ხარჯებს ძლივს ვფარავდი, მაგრამ დროთა განმავლობაში შეკვეთებმა მოიმატა და დღეს უკვე ძალიან ბევრი შეკვეთა მაქვს“ - ქალბატონი ციური ტრენინგის ერთ-ერთი მსმენელი იყო. მას საკუთარი ბიზნესი უკვე რამდენიმე წელია აქვს და დღეს წარმატებული მეწარმე ქალია. ტრენინგზე ის ბიზნესის მართვისთვის საჭირო მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნო.
ტრენინგის მსვლელობისას საკუთარი ბიზნესის წამოწყება დაგეგმეს სხვა მსმენელებმაც, ტრენინგის ბოლოს მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგ-სემინარებით სწავლება ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა საჭიროებების მიხედვით მომავალშიც გაგრძელდება.
“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს იმერეთში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და აჭარაში.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.