35 წლის მარიამი (სახელი შეცვლილია) ორ შვილთან ერთად კერძო სახლის პირველ სართულზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შვილებს მარტო ზრდის, მეუღლე პატიმარია, თუმცა პატიმრობის ვადა მალე ეწურება და ოჯახიც სულმოუთქმელად ელოდება მის დაბრუნებას.
მარიამის ოჯახი სოციალურად დაუცველია, მათი ძირითადი შემოსავალი სახელმწიფოს დახმარებაა. ბავშვები მცირეწლოვნები არიან, ამიტომ დედას სტაბილური სამსახური არ აქვს. პერიოდულად დამლაგებლად ან მრეცხავად მუშაობს და ამით გააქვთ თავი.
„გამოზაფხულებასთან ერთად გათბობას აღარ ვრთავთ და ხარჯებიც შევამცირეთ. ჩემთვის კომუნალურებში ოცი და ოცდაათი ლარის გადახდაც რთულია, ცალკე ბავშვების კვება, ჩაცმა, ათასი ხარჯია და მხოლოდ სოციალური დახმარებით ამდენ ხარჯებს მარტო ვერ ვწვდები. ყველანაირ სამუშაოს ვთანხმდები, ოღონდაც ბავშვები მშივრები არ მყავდეს. ბინებს ვალაგებ, ან ორ დღეში ერთხელ სამრეცხაოში ვმუშაობ. სამუშაო დღეებში ბავშვებს ჩემს დას ვუტოვებ, თუ მასაც არ ცალია მარტო ვტოვებ სახლში, ბავშვებიც მიეჩვივნენ, რომ დედამ აუცილებლად უნდა იმუშაოს და კარგად იქცევიან.“
მარიამის ოჯახი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტშია ჩართული და სხვადასხვა სარეაბილიტაციო სერვისით სარგებლობს. საახალწლოდ სუპერმარკეტების ქსელ wilmart-ის მხარდაჭერით ოჯახს ნობათი გადაეცა. ბენეფიციარების შვილებისთვის Macdonalds Batumi-ის საბავშვო სივრცეში სპეციალური პროგრამა მოეწყო, სადაც მარიამის შვილებიც ესწრებოდნენ, კარგად იხალისეს და გაერთნენ. მანამდე რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლის დაწყების აღსანიშნად, სასკოლო ნივთები: რვეულები, კალმები, ფანქრები, სახაზავები, ჩანთები და სკოლისთვის საჭირო სხვა ნივთები საჩუქრად გადაეცათ, გემრიელი ტორტიც დააგემოვნეს და ბათუმის თოჯინების თეატრში სპექტაკლის პრემიერას დაესწრნენ.
მარიამის შვილები სხვა ბენეფიციარების მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სხვა გასართობ ღონისძიებაშიც მონაწილეობდნენ. რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში ბავშვები პერიოდულად კინოსა და თეატრში დადიან. პატიმრის მეუღლე მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები ამსუბუქებს პატიმრის ოჯახების მდგომარეობას და აგრძნობინებს, რომ ისინი პრობლემებთან მარტო არ არიან.
„არავისგან მიგრძნია, რომ რახან მეუღლე პატიმარი მყავს, ეს სირცხვილია. ყველა მამხნევებს და მამშვიდებს. ბავშვებმაც იციან, რომ მამა დროებით ცხოვრობს სხვაგან და მალე ისევ მათთან დაბრუნდება. ბავშვების ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დემოკრატიის ინსტიტუტს სხვა პატარებთან ერთად კინოსა და თეატრში როცა მივყავართ, საგულდაგულოდ ინახავენ საახალწლო საჩუქრებსაც.“
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში პატიმრის მეუღლეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პატიმრების ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო აქციები და სხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები სამომავლოდაც იგეგმება.
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და იმერეთში. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან – ,,გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან“, „აფხაზინტერკონტთან“ და „თანაზიართან“ ერთად ახორციელებს.