ბათუმსა და ქედაში პროექტში ჩართული 540 ხანდაზმული. ამდენივე ბედნიერი, მადლიერი, ღიმილიანი და თვალცრემლიანი სახე-ამ შედეგით დასრულდა პროექტი „ხანდაზმულთა გაძლიერების და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“. სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული ღონისძიებები-ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც პროექტის ბენეფიცირები სამი წლის განმავლობაში იყვნენ ჩართულნი.
ყველა ღონისძიების თუ კომპონენტის მიზანი ერთი იყო: ხანდაზმულთა გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პროექტის ფაგლებში გათვალისწინებული მცირე საგრანტო პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც არაერთ ბენეფიციარს თვითდასაქმების ხელშესაწყობად სხვადასხვა ბიზნეს-იდეა დაუფინანსდა.
"დემოკრატიის ინსტიტუტის“ ქედის ოფისში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე ხანდაზმულებმა პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად წლების განმავლობაში განვლილი გზა ერთად გაიხსენეს.
„ეს ჩვენთვის არ ყოფილა მხოლოდ პროექტი. აქტივობებში ჩართულობით ჩვენ სიცოცხლის ხალისი დავიბრუნეთ, დავინახეთ რომ მიუხედავად ასაკისა საჭირო ვართ და რეალურად საქმის კეთება შეგვიძლია“-ავთანდილ დიასამიძე.
პროექტი „ ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.