ეს ოთახი მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ადგილია, იმ საქმეს აკეთებს, რომელიც არასდროს მოწყინდება. დიდი მონდომებითა და შემართებით იწყებს ყოველ სამუშაო დღეს.
70 წლის ლარისა თორია 44 წელია სამეგრელოში ერთ-ერთი საჯარო სკოლის ბუფეტში მუშაობს, მრავალი თაობა დაუპურებია და გაუზრდია, მათ შორის ცნობილი ადამიანები.
„ათეული წლებია ბავშვებს ვემსახურები და მათ ვუმზადებ ფუნთუშეულს, არასდროს მომწყინდება ეს საქმე, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პატარა ბავშვები სითბოს და მადლიერებას გამოხატავენ ჩემს მიმართ. ჩვენს ოჯახს გადამხდარი მძიმე წლებიც ამ ბავშვების სიყვარულმა გადამატანინა“ - ამბობს ლარისა თორია.
ლარისა თორიას შვილი ახლახანს გამოვიდა საპატიმროდან, ოჯახმა ბევრი განსაცდელი და მძიმე წლები გამოიარა. ყოფილი პატიმარი დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროგრამაში ჩაერთო. ორგანიზაცია „თანაზიარის“ მხარდაჭერით ყოფილი პატიმრის დედამ საოჯახო საქმის გაფართოვების მიზნით, ღუმელი და სხვა სახის ინვენტარი შეიძინა. ახლა უკვე სხვადასხვა სახის ცომეულს ამზადებს, შემოსავლებიც გაიზარდა და ოჯახს უფრო მეტად ეხმარება.
ყოფილი პატიმრის დედას სამომავლოდ სურს ბუფეტში საქმიანობა ისევ გააგრძელოს, პატარა დახლი გააკეთოს და მაცივარი შეიძინოს. საქმიანობაში რძალი და შვილი ეხმარება. საოჯახო საქმე მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების საზოგადოებაში რესოციალიზაციას, მათი განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით ითვალისწინებს. პროგრამით ბენეფიციარებს ასევე შეუძლიათ იურიდიული და ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა. ლარისა თორიას მსგავსად რეაბილიტაციის პროგრამაში აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ათეულობით ოჯახია ჩართული. მათთვის საოჯახო საქმე ხშირ შემთხვევაში ძირითადი შემოსავალის წყაროა.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტი", „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და „ფონდი აფხაზინტერკონტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.