ყოფილი პატიმრებისთვის, პატიმრების ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის სამეგრელოში გასვლითი საექსკურსიო პროგრამა მოეწყო.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებმა თავდაპირველად დადიანების სასახლე მოინახულეს. გიდის თანხლებით, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები დაათვალიერეს. შემდეგ მუზეუმის გარშემო დადიანების მიერ გაშენებულ ტყე-პარკში გაისეირნეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ბენეფიციარების განსაკუთრებული აღტაცება დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში ოჯალეშის ჯიშის ვენახმა გამოიწვია. უზარმაზარ ნაკვეთზე გაშენებული ვენახი მოწმობს იმას, რომ სალხინო საუკუნეების მანძილზე მეგრული მევენახეობის ცენტრი იყო და დღემდე გრძელდება ეს ტრადიცია. ადგილობრივების თქმით, სალხინოში ოჯალეშს ყველაზე გვიან კრეფენ, მაშინ, როდესაც რთველი უკვე ყველგან დამთავრებულია და მისგან გემრიელ, მშრალ ღვინოს წურავენ, რომელსაც აქვე დადიანების ისტორიულ მარანში აყენებენ და აძველებენ.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებმა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი Martvili Museum Of Local Lore -ში ძვირფასი ქვები, მონეტები, თიხის უძველესი ნამუშევრები, ფრესკები და სხვა ანტიკური ექსპონატები აღმოაჩინეს.
შემდეგი ტურისტული მარშუტი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები უკვე მარტვილის კანიონზე გაგრძელდა. ნავებით გასეირნება სახალისო და სათავგადასავლო აღმოჩნდა. ნავის მართვაში მენავეებთან ერთად ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ. სანაოსნო მარშუტის შემდეგ მათ დადიანების ისტორიული ბილიკი გაიარეს და ულამაზეს ბუნებაში ფოტოები გადაიღეს.
ექსკურსიაში აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და იმერეთის რეგიონებიდან 45 ბენეფიციარი მონაწილეობდა.
„ეს ტური ჩემთვის გართობასა და დასვენებაზე მეტი იყო“, „47 წლის ვარ და აქამდე არ მენახა ასეთი სასწაული“, „ჩვენ ყველანი უკვე მეგობრები ვართ“... დამშვიდობებისას ასეთი ემოციური შეფასებებით ყველა ბენეფიციარი თავის რეგიონს დაუბრუნდა.
ღონისძიება ჩატარდა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.
პ.ს. რეაბილიტაციის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს და მსგავსი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ღონისძიებებში ჩასართავად არჩევს ისეთ ოჯახებს, რომლებსაც მძიმე სოციალური ფონი აქვთ და მათთვის ხშირად გეგმავს კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების საზოგადოებაში რეინტეგრაციას.