ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტზე „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში 2017 წლიდან მუშაობს. სარეაბილიტაციო სერვისები ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების სწავლებას, სტაჟირებასა და დასაქმებას ითვალისწინებს.
ხეზე კვეთის ოსტატი, მკერავი, ელექტრო შემდუღებელი, სტილისტი, მღებავი და კიდევ სხვა პროფესიის მქონე ათეულობით ბენეფიციარი პროექტის ხელშეწყობით უკვე დასაქმდა და მცირე გრანტით საკუთარი საწარმო გააძლიერა.
რეაბილიტაციის პროექტში ჩართულია ხეზე კვეთის ოსტატები, მხატვრები, მძერწავები, რომლებმაც ხელობა საპატიმროში შეისწავლეს, გათავისუფლების შემდეგ კი თავიანთი ხელობით დასაქმება გადაწყვიტეს.
ერთ-ერთია სამეგრელოში მცხოვრები ხატმწერი დავით სოსელია, რომელმაც გათავისუფლების შემდეგ მოსწავლეებიც აიყვანა და ციხეში ნასწავლი საქმე შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია.
მას ზუგდიდში, საკუთარ სახლში სახელოსნო აქვს მოწყობილი და ხეზე მუშაობს – ზაფხულობით სუფთა ჰაერზე კვეთს. უამრავი შეკვეთა აქვს და ამბობს, რომ გარდა დეკორატიული ნაკეთობებისა, პრაქტიკული საჭიროების ნივთებსაც ამზადებს: ავეჯს, თაროებს და ა.შ. თუმცა ყველაზე ძალიან ხატების კვეთა მოსწონს: დეტალები უამრავ ორნამენტსა და ხაზს ითხოვს, რასაც ბევრი შრომა და ფანტაზია სჭირდება – სწორედ ეს მოსწონს.
დავით სოსელიას თქმით, მას 72 ეკლესიის აღსავლის კარზე, დიდ ჯვრებსა და ხატებზე უმუშავია. მას ზუგდიდში ,,ხუროთმოძღვარსაც“ კი ეძახიან.
,,პირველად ხის და ვერცხლის ნაკეთობის დამზადების პროცესი ვნახე და გავოგნდი, ისე მომეწონა შედეგი, ხეზე კვეთა მას შემდეგ ვისწავლე. ძალიან მომწონს და მსიამოვნებს ნამუშევარზე ფიქრი, ორნამენტების გამოყვანა, ბოლოს კი – შედეგის ნახვა. მე რომ მიყვარს ეს საქმე, ალბათ მაგიტომაც მოსწონს ყველას, რასაც და როგორც ვაკეთებ, ხეზე კვეთის საუკეთესო ოსტატი ვარ! ასე ვფიქრობ და რატომ დავმალო. მყავს და, მეუღლე და 13 წლის შვილი, ოჯახის ექვსი წევრიც რომ გყავდეს, ამ საქმით ყველას მიხედავ“, – ამბობს 53 წლის დავით სოსელია.
დავითს ხეზე კვეთისთვის აუცილებელი ხელსაწყო – დანადგარების შეძენაში ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი დაეხმარა, რისთვისაც მან სამეგრელოში პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაცია ,,თანაზიარს“ მიმართა. სოციალური მუშაკის ხელშეწყობით მან მცირე საპროექტო განაცხადი დაწერა და გრანტი მოიპოვა.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".
პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:
"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44
"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26
"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78
"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61