ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია - საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო

ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია - საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის კუთხით საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სოციალური ინტეგრაცია გულისხმობს საზოგადოებაში დაბრუნების მიზნით, სამართალდამრღვევისთვის მხარდაჭერის გაწევას პატიმრობისას და გათავისუფლების შემდეგ. უფრო ფართო განმარტებით კი ის მოიცავს მთლიან პერიოდს სასამართლო დევნის დაწყებიდან და საპატიმროდან გათავისუფლების შემდგომი პერიოდის ჩათვლით.

განვითარებული ქვეყნების პენიტენციური სისტემა ეფუძნება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პრინციპებს, რაც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ დონეზე.

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ნორვეგია, თავისუფლების აღკვეთის ერთადერთი მიზანია ის, რომ გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატიმარმა შეძლოს დანაშაულისგან თავისუფალი და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრებით ცხოვრება. ამისათვის კი საჭიროა, ცხოვრება ციხეში მაქსიმალურად გავდეს ცხოვრებას საზოგადოებაში (ნორმალიზაციის პრინციპი) და ორგანიზებული იყოს იმგვარად, რომ ხელს უწყობდეს პატიმართა საზოგადოებაში ინტეგრაციას. დანაშაულისადმი ლიბერალური მიდგომა გამოიხატება განაჩენის გამოტანის პრაქტიკაშიც.

რიგ ქვეყანებში პენიტენციური სისტემა სწორედ ნორმალიზაციის პრინციპზე დაყრდნობით მუშაობს. იმ პირებს, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს, ხელისუფლება აძლევს რეინტერგაციის გარანტიას. მათ გარანტირებულად ექნებათ დასაქმებისა და განათლების მიღების საშუალება, მოსახერხებელი საცხოვრისი, რაიმე სახის შემოსავალი, მიეწოდებათ ჯანდაცვის სერვისები და ვალის მართვის კონსულტაცია, თუმცა აღნიშნულ გარანტიას არ აქვს იურიდიული ძალა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ პირთა რეაბილიტაციის სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამებს ახორციელებს, როგორც ციხის პირობებში ასევე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, თუმცა მესამე სექტორის შეფასებით აღნიშნული პროგრამები არ არის საკმარისი ეფექტიანი შედეგის მისაღწევად.

აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით: კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია ამ პროცესში ჩართული მხარეების ეფექტიან ურთიერთქმედებაზე.

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროგრამებზე „დემოკრატიის ინსტიტუტი“ წლებია მუშაობს. სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამები ხორციელდებოდა როგორც აჭარაში, ასევე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. 2017 წლის თებერვლიდან კი აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. წლების განმავლობაში მიღებულ გამოცდილებასა და შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მესამე სექტორი მსჯავრდებულ პირთა საზოგადოებაში რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის" რეკომენტაციის მიხედვით: საქართველოში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულების გაძლიერების ტენდენცია უკვე არის, მაგრამ ეს საკმარისი არაა. ცხადია, რომ საქართველო დღეს არ ფლობს ისეთ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს, რომ უკვე დანერგოს გერმანიის ან დანიის ციხეებში არსებული მიდგომები, არც სოციალური კეთილდღეობაა იმ დონეზე, რომ გათავისუფლებულ ყოფილ სამართალდამრღვევებს სერვისების მრავალფეროვნება შესთავაზოს. მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ გვიან დაწყებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები ნაკლებად ეფექტიანია. ამდენად, მნიშვნელოვანია თუნდაც გრძელვადიანი ხედვის შემუშავება, თუ როგორ შეიძლება რეაბილიტაციის პროცესმა დიდწილად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გადაინაცვლოს.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას "დემოკრატიის ინსტიტუტი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".