დღეს აჭარაში მეღვინეთა კლასტერის პრეზენტაცია გაიმართა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის სიმბოლურ აქტს.
აჭარის მეღვინეები რეგიონში დარგის განვითარებისთვის და შესაძლებლობების განხორციელებისთვის თანამშრომლობენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო კლასტერის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კლასტერის წევრების აქტიური ჩართულობით შემუშავდა, კიდევ ერთხელ განიხილეს თანამშრომლობის სტრატეგია, პრიორიტეტული მიმართულებები და ღონისძიების ბოლოს კლასტერის ოფიციალური დაფუძნება გაფორმდა „ კლასტერული განვითარებისა და თანამშრომლობის აქტზე“ ხელმოწერით.
კლასტერი აერთიანებს აჭარის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოებას (ასოციაცია), ადგილობრივ მეწარმეებს, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, აჭარის გიდების ასოციაციას, ექსპორტ იმპორტის ასოციაციას, აჭარის დასაქმების სააგენტოს, აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატას, კოლეჯ „ბლექსის“, მარკეტინგულ კომპანიას, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, სანერგე მეურნეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
ღონისძიების ბოლოს, ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზების მიზნით, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ, ასოციაციის წევრების მიერ დამზადებული ღვინოები.
ერთმანეთის მხარდაჭერით ამ სფეროში სიახლეები იგეგმება. მეღვინეებს უკვე აქვთ იდეები სხვადასხვა სექტორის ჩართულობით ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, ევროპის ბაზრის ათვისებისთვის.
პროექტს "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORs), ევროკავშირის დაფინანსებით, "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი", "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს.