61 წლის ამირანი პროფესიით მძღოლია, წლების განმავლობაში რუსეთში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა, ჰქონდა მაღალი ანაზღაურება და ოჯახიც უზრუნველყოფილი ჰყავდა. თუმცა შემდეგ წამალდამოკიდებულობამ ყველაფერი შეცვალა. საქართველოში დაბრუნდა, მავნე ჩვევის გამო, ხშირი იყო ოჯახში კონფლიქტური სიტუაციები, ამას თან დაერთო შვილის მძიმე ავადმყოფობა, სამედიცინო ხარჯების დაფარვის გამო, გაყიდა საცხოვრებელი სახლი და დარჩა უსახლკაროდ, თუმცა შვილის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო.
შემდეგ იყო პატიმრობის პერიოდი, საპატიმროში გატარებული 7 თვე. ციხიდან 4 წლის წინ გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ ბინა იქირავა იმავე სოფელში, სადაც მისი სახლი იყო, იცოდა, რომ სხვები ცხოვრობდნენ, მაგრამ მაღლაკიდან წასვლა არ უნდოდა, რადგან იქ შვილის საფლავია, რომლის მოვლითაც თავს ინუგეშებს.
მიუხედავად მძიმე წარსულისა და უახლოესი ადამიანების დაკარგვისა, ამირან იობიძე ყველანაირად ცდილობს, რომ ფეხზე დადგეს და მომავლის იმედი არ დაკარგოს.
61 წლის ყოფილ პატიმარს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ვულკანიზაცია აქვს გახსნილი და დაზიანებულ ავტომანქანებს აკეთებს. საქმე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიჩინა. დროის ძირითად ნაწილს სამსახურში ატარებს და იმედით უყურებს მომავალს, ცდილობს დახმარების ხელი გაუწიოს სხვასაც. სტაჟიორად აიყვანა ყოფილი პატიმარი, რომელსაც ხელობას ასწავლის.
გათავისუფლების შემდეგ ყოფილმა პატიმარმა მეგობრის დახმარებით „ფონდ აფხაზინტერკონტს“ მიმართა. რეაბილიტაციის პროგრამაში ჩაერთო, ვულკანიზაციისთვის საჭირო სამუშაო იარაღები და დანადგარები შეიძინა.
ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას ევროკავშირის მხარდაჭერით, დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვენეთსა და იმერეთში ახორციელებს.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ყოფილი პატიმრების დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობაა, რაც მათი ოჯახების ფინანსური მდგრადობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.
#პროექტიყოფილიპატიმრებისგაძლიერებისთვის