ბათუმში, იუსუფ ფაღავას ქუჩაზე, სათბურში სალათის ფურცელი მოჰყავთ.
ნაზი ხოზრევანიძე სალათის ფურცელს 2019 წლიდან აწარმოებს. სასათბურე მეურნეობა, რომელიც 1000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ოჯახური ბიზნესია.
ნაზიმ დემოკრატიის ინსტიტუტში დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების წარმოება/რეალიზაციის პრაქტიკული კურსი გაიარა. კურსის მონაწილეებმა ჯანსაღი ჩითილის გამოყვანაზე, სასათბურე მეურნეობის სწორად გამართვაზე პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.
პროექტ SECTORs-ის დასასრულს, ნაზის თავის სასათბურე მეურნეობაში, მოსავლის აღებისას ვესტუმრეთ. სათბურის მართვა შრომატევადი საქმეა და ამ პროცესში მთელი ოჯახი აქტიურადაა ჩართული. როგორც ნაზი ამბობს, სალათის ფურცლის მოყვანა ენერგიას მოითხოვს, თუმცა ყველაზე დიდ გამოწვევას რეალიზაციის პროცესში აწყდება. ბაზარზე არსებული დაბალი ფასის გამო, ბოსტნეულის გაყიდვა რთულია. ნაზი იმედოვნებს, რომ მისი მოყვანილი პროდუქტით ადგილობრივი ბიზნესები უფრო მეტად დაინტერესდებიან.
თუკი ფლობთ კვების ობიექტს ბათუმში და გსურთ შეიძინოთ სიყვარულითა და მზრუნველობით მოყვანილი სალათის ფურცელი და ხელი შეუწყოთ ადგილობრივ ფერმერს, დაგვიკავშირდით ან დაუკავშირდით ნაზის : 551095754 #შეიძინექართული
დემოკრატიის ინსტიტუტი, აგრძელებს სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის მხარდაჭერას.
პროექტს "უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORs), ევროკავშირის დაფინანსებით, "ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი", "დემოკრატიის ინსტიტუტთან", საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში ახორციელებს.