"პატიმრობის შესახებ კოდექსში" შესაძლოა ცვლილება შევიდეს

პატიმრობაში მყოფ პირებს აჭარის არ უმაღლეს საბჭოში ოფიციალური კორესპოდენციის გაგზავნისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიაში ადასტურებენ, რომ აღნიშნული საკითხი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რაზეც ბოლო პერიოდში საპატიმროდან მიღებული კორესპოდენციების სიმცირე მეტყველებს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „პატიმრობის შესახებ კოდექსში“ ცვლილებების შეტანის მომხრეა. ანანიძემ აჭარის არ უმაღლეს საბჭოში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე დაანონსა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მოხდება.

კოდექსში შესატანი ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი რამინ გვარიშვილი. იურისტის თქმით ჩანაწერის დამატება გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს აჭარის საკანონმდებლო ორგანოში პატიმრების კორესპოდენციის უფასო მიწოდებას, ასევე მნიშვნელოვანია საპატიმროში ამა თუ იმ ფაქტზე დროული რეაგირებისთვის.

შეხვედრაზე ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების რესოციალიზაციის პროცესში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ მენეჯერმა ნინო ხაჩიძემ ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახების საჭიროებებსა და პატიმრობიდან გათავისუფლებული პირების რესოციალიზაციის პროცესში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ჩართულობის მნიშვნელოვბაზეც ისაუბრა.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი 2019 წლის ნოემბრამდე გრძელდება და პატიმრებისა და მათი ოჯახების, ასევე პატიმრობიდან გათავისუფლებულ პირთა იურიდიულ დახმარებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას, განათლებასა და დასაქმებას გულისხმობს.