ლანჩხუთის საკრებულომ 2017 წელს მუნიციპალიტეტში ინიცირებული 4 საპეტიციო საკითხიდან ერთი დააკმაყოფილა, ერთზე მუშაობას დღემდე აგრძელებს, ორი მათგანი კი ბიუჯეტში დღემდე გათვალსიწინებული არ არის.
თითქმის იდენტური სიტუაციაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. აქაც გასულ წელს წარდგენილი 4 პეტიციიდან მუნიციპალიტეტმა ორი ვერ დააკმაყოფილა, ორი კი მიზანშეწონილად მიიჩნია.
2017 წელს წარდგენილი სამი ახალი პეტიციიდან ორზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც.
პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში ინიცირებული პეტიციების განხილვის შედეგები, დღემდე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები-ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთს მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გაიმართა.
სამუშაო ფორმატში განხილული იქნა 2017 წელს წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების საკითხიც და დღეის მდგომარეობით ჯერ კიდევ არსებული ხარვეზები.
მხარეებმა ისაუბრეს რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დანერგილი პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზე. ამ სერვისის შესახებ მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობის საჭიროებაზე.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ დემოკრატიის ინსტიტუტის რეკომენდაციებს საკრებულოს რეგლამენტში დღეის მდგომარეობით ჯერ კიდევ არსებული ხარვეზების გამოსწორების შესახებ.
მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2016 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მთავარი მიზანია მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.