რეაბილიტაციის სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის

რეაბილიტაციის სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის

39 წლის ზვიად მგელაძე ქობულეთის სოფელ ზენითში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ საპატიმროში შვიდი წელი გაატარა და გათავისუფლების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, ტელეფონზე ნომრის აკრეფაც კი უჭირდა ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, ახლა თანამედროვე ავტოსახელოსნო აქვს, სადაც მალე კომპიუტერული დიაგნოსტიკით მომსახურებასაც შესთავაზებს კლიენტებს.

ამბობს, რომ საკუთარი ბიზნესის წინსვლისთვის ბევრი იშრომა, რის შედეგსაც უკვე გრძნობს.

„გათავისუფლების შემდეგ გაორმაგებული ძალით შევუდექი ცხოვრებისკენ შემობრუნებას. მე ასეთი განწყობა მქონდა, ყველაფერი ვცადე ბიზნესი რომ დამეწყო და წინ წამეყვანა საქმე. თუმცა ტელეფონის ნომერს ვერ ვკრებდი ციხიდან გამოსული, იმდენად შეცვლილი და განვითარებული ტექნოლოგიები დამხვდა. კომპიუტერის შესწავლაც დამჭირდა“, – ამბობს ყოფილი პატიმარი.

ციხიდან 2012 წელს გათავისუფლდა და საზოგადოებაში ინტეგრაცია ეტაპობრივად შეძლო. საქართველოში თავიდან ვერ დასაქმდა და ავტოსაქმის შესასწავლად ერაყის სპეციალურ სასწავლებელში გაემგზავრა სამი წლით. საქართველოში დაბრუნდა და მეგობრის დახმარებით სახელოსნო მოაწყო, ნელ-ნელა გააფართოვა, დღეს კი სამ ადამიანსაც ასაქმებს და მალე მეოთხე კადრსაც მიიღებს.

“დემოკრატიის ინსტიტუტის” ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ზვიადს სახელოსნოსთვის აუცილებელი ხელსაწყო-დანადგარები გადაეცა, რითაც ოსტატმა სახელოსნოს გაფართოება შეძლო.

,,მყავს პენსიონერი ბებია, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ, ხანდახან ღამის ორამდეც მიწევს შრომა, მაგრამ სხვანაირად საქმე წინ ვერ წავა. ძალიან რთული იყო თავიდან ბიზნესის დაწყება. მახსოვს პირველად საკუთარი, ორი გაფუჭებული მანქანა დავშალეთ ნაწილ-ნაწილ გასაყიდად“, – იხსენებს ზვიად მგელაძე.

იხსენებს ასევე, რომ ციხის მოსაწყენი წლები წიგნების კითხვით გადააგორა. მიუხედავად იმისა, რომ დრო ცოტა აქვს – ხშირად კითხულობს და ამბობს, რომ სასულიერო ლიტერატურისა და ისტორიული რომანებისთვის ყოველ თვეში აქვს განსაზღვრული შემოსავლის ნაწილი.

ზვიადი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციის სხვა სერვისებითაც სარგებლობს. ის უკვე დაესწრო ბიზნესის მართვის ტრენინგს და ტრენერის დახმარებით, საკუთარი სახელოსნოსთვის განვითარების გეგმა შეიმუშავა. ცოტა ხნის წინ კი პროგრამით მოსარგებლე სხვა ბენეფიციარებთან ერთად, მან სამეგრელოში დადიანების სასახლე, მარტვილის კანიონი და სხვა ტურისტული ადგილები მოინახულა.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

"დემოკრატიის ინსტიტუტი" /ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

"გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი" /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

"თანაზიარი" /რუსთაველის ქ. №88, ტელ: (0415) 22 10 78

"ფონდი აფხაზინტერკონტი" / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61