წლებია ოჯახს ხელსაქმით არჩენს, ძირითადად სარემონტო სამუშაოებს ასრულებს. ახლაც ერთ-ერთ სახლს არემონტებს. საქმეს დილით ადრე იწყებს და გვიან ასრულებს, რათა შეკვეთა მალე დაასრულოს. იცის, რაც უფრო ბევრს იმუშავებს ოჯახს ფინანსურად უფრო მეტად წაადგება, თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ შვილები უზრუნველყოფილი ყავდეს, მაგრამ ხელობით ბევრს ვერაფერს ახერხებს.
ოჯახი სოციალურად დაუცველია. ზურაბს (სახელი პირობითია) მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს. ოჯახისთვის შემოსავლების მოსაძიებლად სამუშაოდ თურქეთში გაემგზავრა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფიზიკური შრომა ვერ შეძლო და სახლში დაბრუნდა. ჯანმრთელობის პრობლემები ზურაბს პატიმრობის პერიოდში დაეწყო. გათავისუფლების შემდეგ იმკურნალა და გამოჯანმრთელდა, თუმცა მძიმე ფიზიკური დატვირთვა მაინც უჭირს, ამიტომ ყველა სახის სამუშაოს ვერ ასრულებს.
36 წლის ზურაბმა ციხეში 4 წელი გაატარა, იმავე პერიოდში საპატიმროში მოხვდა მისი მეუღლეც. ახლად შეუღლებული წყვილისთვის პატიმრობა ერთგვარი ცხოვრებისეული გამოწვევა იყო, მაგრამ როგორც თავად ამბობენ პრობლემები ერთობლივად გადალახეს და გათავისუფლების შემდეგ ოჯახურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
გათავისუფლების შემდეგ მათ მალე პირველი შვილი შეეძინათ, რამაც პატიმრობის მძიმე წლები დაავიწყა. ზურაბმა თავისი ხელობით დაიწყო მუშაობა, თუმცა ხელსაწყოები მოძველებული იყო, განახლებას ვერ ახერხებდა და სამუშაოს შესრულებაშიც ხელი ეშლებოდა. ზურა „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩაერთო“. რეაბილიტაციის პროგრამით მას სამუშაო იარაღების შეძენა დაუფინანსდა.
„გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში“ რეაბილიტაციის პროგრამაში იყვნენ ჩართული ზურას მცირეწლოვანი შვილებიც. გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და საახალწლო საჩუქრები მიიღეს.
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი, ფონდი აფხაზინტერკონტი, დასავლეთ საქართელოს ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.