თიხაზე მუშაობა და კინოს პირველი ემოცია

თიხაზე მუშაობა და კინოს პირველი ემოცია

„მე კინოში პირველად ვარ“ - ბავშვური გულწრფელობით გვიპასუხა და ინტერესით სავსე გაფაციცებული თვალებით დააკვირდა უზარმაზარ ეკრანს, მოუთმენლად ელოდა ჩვენების დაწყებას. სეანსის დაწყების პირველივე წუთებმა მასში უდიდესი ემოცია გამოიწვია. დაბნეულობისგან ვერც კი გამოხატავდა იმ სიხარულს, რასაც განიცდიდა.

ლუკამ (სახელი შეცვლილია) კინოთეატრ აპოლოში დღეს მულტფილმი დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ეს დღე მისთვის დაუვიწყარი იქნება.

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების შვილებს დღეს, კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე მოუწყო. პატარები კინოთეატრ აპოლოში "ჯადოსნური პარკის" ჩვენებას დაესწრნენ.

მანამდე კი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარების შვილები ბათუმის სამხატვრო სკოლაში შეიკრიბნენ და თიხისგან სხვადასხვა ნაკეთობა დაამზადეს. პედაგოგის დახმარებით, თიხის დამუშავება ისწავლეს და მშობლებთან ერთად სამახსოვროდ სუვენირები დაამზადეს. სასიამოვნო სამუშაო პროცესის შემდეგ გემრიელი ტორტიც დააგემოვნეს.

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის მიმდინარეობისას „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბენეფიციართა შვილებისთვის არაერთი ღონისძიება მოაწყო.

პროექტის ფარგლებში, ყოველ ახალ წელს პატარებს გასართობ ღონისძიებებთან ერთად საჩუქრებიც გადაეცათ. სექტემბერში სასწავლო წლის დასაწყისისთვის სასკოლო ნივთებითა და ინვენტარით დასაჩუქრდნენ, რის შემდეგ ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.

მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებისთვის ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან პატიმართა ოჯახებს ხშირად არ აქვთ საშუალება მსგავსს აქტივობებში ცართონ თავიანთი შვილები.

"ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას" "დემოკრატიის ინსტიტუტი" ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.