ციხეში ყოფნისას თანამესაკნემ ფუტკრის მოვლის შესახებ წიგნი ათხოვა. სახელმძღვანელო ერთ საათში გადაიკითხა და სწორედ მაშინ დარწმუნდა, რომ ეს მისი საქმე იყო. მას შემდეგ ყოველი დღე ფუტკრებზე ფიქრით და სამომავლო გეგმების დასახვით იწყებოდა.
არჩილ ქაქუთია ყოფილი პატიმარია, ის ორგანიზაცია თანაზიარის ბენეფიციარია. ციხიდან 2014 წელს გათავისუფლდა, პატიმრობის წლებთან ბევრი ცუდი მოგონება აკავშირებს. ციხის პერიოდს უკავშირდება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, ზუგდიდის ციხეში არაერთგზის ცემის შედეგად ცალი თირკმელი დაკარგა, საპატიმროშივე დაინფიცირდა C ჰეპატიტით.
მისი თქმით, ციხის თანამშრომელი, რომელიც წლების განმავლობაში პატიმრებზე სისტემატურად ძალადობდა ახლა თავადაა პატიმარი. ქაქუთიამ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი სხვა დაზარალებულ პატიმართან ერთად შეიტანა და დავა მოიგო.
გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმარი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ვირუსისგან განიკურნა, მაგრამ მძიმე სამუშაოს შესრულება მაინც უჭირს.
არჩილი სამეგრელოს სოფელ ყულეშკარში ცხოვრობს. ოჯახთან ერთად ფუტკრის 20 ოჯახს უვლის. თავდაპირველად მხოლოდ ერთი ოჯახი ყავდა, მაგრამ მათი სიყვარული იმდენად დიდი აქვს, რომ ორ წელში რაოდენობა გააათმაგა და სამომავლოდ საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. აქამდე თაფლის გამოსაწურ აპარატს მეზობელ სოფელში თხოულობდა, „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ციბრუტი შეიძინა. ამან საქმე ძალიან გაუადვილა და დამატებით სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის კუთხით საქმიანობის დაწყებას აპირებს.
რთული გამოცდილების მიუხედავად, არჩილი ფარ-ხმალს არ ყრის და გეგმაში ბევრი რამ აქვს: სახლის წინ ღელე ჩამოდის, აპირებს ეზოში თევზსაშენი აუზი მოაწყოს და კობრი მოაშენოს.
არჩილს მეფუტკრეობაში მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ეხმარება. თაფლი, თხილთან ერთად, ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის წყაროა. გასულ წელს თხილის მოსავალი თითქმის სრულად განადგურდა, მაგრამ თაფლის რეალიზებით ოჯახს მცირე შემოსავალი მაინც მოუტანა. ახალბედა მეფუტკრე სეზონურად დაახლოებით 50 ლიტრ თაფლს იღებს, რომლის რეალიზებით დაახლოებით 2000 ლარს შოულობს, მაგრამ იმედოვნებს საქმიანობის გაფართოების შემდეგ ოჯახისთვის უფრო მეტ სარგებელს მიიღებს.
ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".