შეხვედრა ბათუმის საკრებულოში

შეხვედრა ბათუმის საკრებულოში

"დემოკრატიის ინსტიტუტის" პროექტის - "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" ფარგლებში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბათუმის თვითმმართველობა ამ ეტაპზე „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილ პრობლემებზე მოქალაქეების მიერ ინიცირებულ პეტიციებს განიხილავს. დღევანდელი შეხვედრის თემა პეტიციის ფორმით პრობლემების გადაჭრის სამართლებრივ-პროცედურული საკითხები იყო. ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები მიესალმებიან თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და კომპეტენციის ფარგლებში პეტიციის ფორმით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას.

პეტიცია არის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებული პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, თუმცა მისი გამოყენების პრაქტიკა, სამწუხაროდ, საქართველოში მწირია. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტი კი შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში თავად შეარჩიონ ყველაზე უფრო პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშავონ ამ პრობლემის მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ ხელმოწერები, დანიშნონ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი წარმომადგენელი, წარადგინონ პეტიცია და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.

პროექტის ფარგლებში გამოვლენილი პრიორიტეტული პრობლემები უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - მუნიციპალიტეტის კომპეტენციას.
პროექტის დახმარებით აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს ცოდნას და გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მოაგვარონ ადგილობრივი პრობლემა პეტიციის მეთოდის გამოყენებით. პროექტის დასრულების შემდეგ კი უკვე დამოუკიდებლად შეძლებენ სხვადასხვა პრობლემის მოგვარების მიზნით პეტიციების წარდგენას და ადვოკატირებას.
პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.