წესდება

წესდების ახალი რედაქცია დამტკიცებულია
ა(ა)იპ დემოკრატიის ინსტიტუტის საერთო კრების
2014 წლის 17 ივნისის №17 ოქმით

არასამეწარმეო იურიდიული პირი

დემოკრატიის ინსტიტუტი

წ ე ს დ ე ბ ა

1. ზოგადი დებულებები

1.1. ,,დემოკრატიის ინსტიტუტი” (შემდგომში ორგანიზაცია) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
1.2. ორგანიზაცია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მას გააჩნია საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, საკუთარი ქონება, ბეჭედი, ემბლემა და იურიდიული პირის რეკვიზიტები.
1.3. ორგანიზაცია იქმნება განუსაზღვრელი ვადით, მისი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. ორგანიზაციის მიზნები და მათი განხორციელების გზები

2.1. ორგანიზაციის უმთავრესი საწესდებო მიზანია საქართველოში დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების აშენება, ასევე ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია ხელს უწყობს:
ა) საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას;
ბ) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მათი დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას;
გ) საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში;
დ) სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფას;
ე) საარჩევნო პროცესის სრულყოფასა და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას;
ვ) მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებას;
ზ) არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პოტენციალის, რესურსებისა და შესაძლებლობების განვითარებას ტექნიკური მხარდაჭერისა და გრანტების გაცემის გზით.
2.2. ორგანიზაცია თავის საქმიანობაში იყენებს ყველა კანონიერ გზებსა და საშუალებებს, მას უფლება აქვს:
ა) დაარსოს ორგანიზაციის ფილიალები და წარმომადგენლობები;
ბ) გააჩნდეს ბეჭდვითი ორგანოები, ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას;
გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს დაფუძნებაში, განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
2.3. ორგანიზაციის ელექტონულ ფოსტაზე - info@iod.ge განხორცილებული ელექტორნული მიმოწერა ითვლება ორგანიზაციის ოფიცილურ მიმოწერად და გააჩნია იურიდიული ძალა.

3. ორგანიზაციის წევრობა

3.1. წევრად მიღება
3.1.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს, მისიას, არის უპარტიო და არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ინტერესები;
3.1.2. ორგანიზაციის წევრად მიღების საკითხს წყვეტს საერთო კრება, აღმასრულებელი საბჭოს წარდგინებით;
3.1.3. ორგანიზაციის წევრობის მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე მსურველმა აღმასრულებელ საბჭოს წერილობით უნდა წარმოუდგინოს ორგანიზაციის არანაკლებ ერთი წევრის რეკომენდაცია.
3.1.4. პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, გააჩნია დამსახურება ორგანიზაციის წინაშე, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება მიღებული იქნეს დემოკრატიის ინსტიტუტის საპატიო წევრად. საპატიო წევრებზე არ ვრცელდება ორგანიზაციის წევრებისათვის წინამდებარე წესდებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები.
3.2. წევრობის შეწყვეტა
3.2.1. ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღირებისას;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
ე) გარდაცვალებისას.
3.2.2. ორგანიზაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით წევრი შეძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან, თუკი ის სისტემატურად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობებს და თავისი ქმედებით ეწინააღმდეგება ორგანიზაციის საქმიანობას, მიზნებსა და ამოცანებს.
3.3. წევრის უფლება-მოვალეობები
3.3.1. წევრს უფლება აქვს:
ა) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საერთო კრების მუშაობაში;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს ორგანიზაციის მმართველ ორგანოებში;
გ) კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით, აქტიურად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში და საწესდებო მიზნების განხორციელებაში;
დ) მიიღოს სრული ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
ე) ორგანიზაციის საქმიანობისა და მიზნებიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ატაროს ორგანიზაციის მაინდენტიფიცირებელი ნიშნები და სიმბოლოები;
ზ) ნებისმიერ დროს, განცხადების საფუძველზე, მოითხოვოს წევრობის შეწყვეტა;
თ) წარადგინოს აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატი.
3.3.2. ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ორგანიზაციის წესდება, შინაგანაწესი, შეასრულოს საერთო კრების გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის სახელს, საქმიან რეპუტაციას, ღირსებასა და ქონებას;
გ) შესაძლებლობის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში;
დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ორგანიზაციის საწესდებო მიზნებით.

4. ორგანიზაციის სტრუქტურა.

4.1. საერთო კრება

4.1.1. ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა საერთო კრება, რომელიც მოიწვევა აღმასრულებელი საბჭოს მიერ და ტარდება ყოველი წლის დეკემბერში. რიგგარეშე კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს საერთო კრების 1/10-ის წერილობითი მოთხოვნით, აღმასრულებელი საბჭოს ან სარევიზიო კომისიის ინიციატივით, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4.1.2. საერთო კრების მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც, დღის წესრიგისა და კრების ჩატარების ადგილის მითითებით.
4.1.3. საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა სულ ცოტა 2/3. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა სხვა პირისათვის დაუშვებელია.
4.1.4. ორგანიზაციის საერთო კრების სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს საერთო კრების სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის მდივანს ირჩევს საერთო კრება. სხდომის ოქმი დგება საერთო კრების დღის წესრიგის მიხედვით.
4.1.5. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება წესდების შეცვლის ან წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე, ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის თაობაზე, მიიღება დამსწრე წევრთა ხმების 2/3-ით. ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი საერთო კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.
4.1.6. საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ორგანიზაციის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
ბ) ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევა;
გ) საჭიროების შემთხვევაში სარევიზიო კომისიის შექმნა, დებულების დამტკიცება და წევრების არჩევა;
დ) ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ პროგრამული და ფინანსური ანგარიშების მოსმენა;
ე) აღმასრულებელი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საქმიანობის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების დამტკიცება;
ვ) ორგანიზაციის წევრის მიღება, უფლებამოსილების შეწყვეტა და გარიცხვა.

4.2 აღმასრულებელი საბჭო

4.2.1. ორგანიზაციის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს აღმასრულებელი საბჭო, რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ ფარული კენჭისყრით, 3 წლის ვადით. აღმასრულებელი საბჭოს არჩევის პროცედურები განისაზღვრება საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით;
4.2.2. აღმასრულებელი საბჭო შედგება 5 წევრისაგან. აღმასრულებლი საბჭოს წევრი შეიძლება იყოს როგორც ორგანიზაციის წევრი, ისე სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს 3.1.1. პუნქტის მოთხოვნებს. აღმასრულებელი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს ის პირიც, რომელიც არ იმყოფება საერთო კრებაზე, თუ არსებობს მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ.
4.2.3. აღმასრულებელი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში საბჭოს წევრი ხდება ის პირი, რომელმაც უკანასკნელ საერთო კრებაზე დააგროვა ხმათა მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად არჩევისათვის არასაკმარისი რაოდენობა. თანაბარი ხმების მქონე პირთაგან საბჭოს წევრი შეირჩევა აღმასრულებელი საბჭოს მიერ ჩატარებული წილისყრით. ახლად არჩეული საბჭოს წევრი უფლებამოსილებას ახორციელებს გამოკლებული წევრის უფლებამოსილების დარჩენილი პერიოდის განმავლობაში;
4.2.4 აღმასრულებელი საბჭოს სხდომები მოიწვევა ოთხ თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომები შეიძლება მოწვეული იქნეს აღმასრულებელი საბჭოს წევრთა 2/3-ის ან აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით, მოთხოვნიდან არანაკლებ ერთი კვირის ვადაში.
4.2.5. აღმასრულებელი საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის თანხმობით. აღმასრულებელი საბჭოს სხდომები და გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.
4.2.6. აღმასრულებელი საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) აღმასრულებელი საბჭოს წევრთაგან, ფარული კენჭისყრით, აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის არჩევისა და გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ბ) საერთო კრების მოწვევა და ჩატარება. საერთო კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება. საერთო კრებაზე განსახილველ და გადასაწყვეტ საკითხთა მომზადება, აგრეთვე, საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება;
გ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მომზადება და დასამტკიცებლად საერთო კრებისათვის წარდგენა;
დ) იძლევა თანხმობას ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის შესახებ;
ე) სარეკომენდაციო და გამაფრთხილებელი მიმართვის გაგზავნა საერთო კრების იმ წევრისათვის, რომელიც თავისი ქმედებით ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს და უხეშად არღვევს წესდებით დაკისრებულ მოვალეობებს;
ვ) ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმისა და ბიუჯეტის დამტკიცება;
ზ) შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს;
თ) საერთო კრებისათვის წარსადგენად ამტკიცებს ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს;
ი) ორგანიზაციის სხვადასხვა კოალიციებში, რეგისტრირებულ ორგანიზაციებში გაწევრიანებისა და წინამდებარე წესდების 2.2. პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება;
კ) ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის შესახებ დებულებას. ასევე, ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;
ლ) საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი საბჭოს სხდომებზე იწვევს და ისმენს ორგანიზაციის ნებისმიერი თანამშრომლის, პროგრამების/პროექტების ხელმძღვანელების, ასევე, ორგანიზაციის ფილიალების/წარმო-მადგენლობებისა და ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ანგარიშებს;
მ) ამტკიცებს ორგანიზაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ნ) ორგანიზაციის ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნისა და გაუქმების, ასევე, მათი საქმიანობის განმსაზღვრელი დებულების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ო) ორგანიზაციის ქონებისა და სახსრების განკარგვაზე ზედამხედველობა;
პ) წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი სამოქმედო დებულებების დამტკიცება;
ჟ) ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციული მართვისა და პროცედურული წესების განსაზღვრა და დამტკიცება;
რ) საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და წევრების არჩევა, საკონსულტაცო საბჭოს დებულების დამტკიცება;
ს) წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება საერთო კრების კომპეტენციას;
4.2.7. აღმასრულებელი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე;
4.2.8. აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეიძლება დაენიშნოთ ფულადი ანაზღაურება, ჰონორარის სახით. ჰონორა-რის დანიშვნისა და თანხის ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღმასრულებელი საბჭო.

4.3. აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე

4.3.1. ორგანიზაციის საერთო ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში საბჭოს თავმჯდომარე).
4.3.2. საბჭოს თავმჯდომარეს, 3 წლის ვადით, ირჩევს აღმასრულებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან.
4.3.3. საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს აღმასრულებელი საბჭოს ყოველ წევრს.
თავმჯდომარე:
ა) საერთო კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად;
ბ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობას. უძღვება საერთო კრებისა და აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს და ხელს აწერს სხდომის ოქმებს;
გ) წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ორგანიზაციის სახელით ხელს აწერს საგრანტო ხელშეკრულებებს, გამოსცემს შესაბამის ბრძანებას და განკარგულებას;
დ) ნიშნავს და ათავისუფლებს აღმასრულებელ დირექტორს, აღმასრულებელი საბჭოს თანხმობით;
ე) აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნამდე ასრულებს მის ფუნქციებს;
ვ) აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი წესით განკარგავს ორგანიზაციის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს. ხელს აწერს შესაბამის საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციას;
ზ) გაწეული საქმიანობის და ორგანიზიაციის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, აღმასრულებელ საბჭოს წარუნდგენს კვარტალურ ანგარიშს.
4.3.4. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერ წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ორგანიზაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელ საბჭოს. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მის ფუნქციებს შეასრულებს აღმასრულებელი საბჭოს უხუცესი წევრი.

4.4. აღმასრულებელი დირექტორი

4.4.1. ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელია აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის ფარგლები, აგრეთვე, მისი დანიშვნის წესი, საქმიანობა და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ წესდებით და აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
4.4.2. აღმასრულებელ დირექტორს, 2 წლის ვადით, ნიშნავს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აღმასრულებელი საბჭოს თანხმობით.
4.4.3. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულების ფარგლებში წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, გარდა თავმჯდომარისა და აღმასრულებელ საბჭოს უფლებამოსილებას განკუთვნილი საკითხებისა;
ბ) ზედამხედველობს ორგანიზაციის თანამშრომელთა საქმიანობას, აწესრიგებს ყველა შიდა ორგანიზაციულ და ტექნიკურ საკითხებს, ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას;
გ) გარდა წესდების 4.3.3. პუნქტის ,,გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, უფლებამოსი-ლების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, ხელს აწერს ორგანიზაციის დოკუმენტებს;
დ) ზედამხედველობს ორგანიზაციის შიდა ნორმატიული აქტების აღსრულებას;
ე) ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანიზაციის ძირითად და პროექტის/პროგრამის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს;
ვ) გაწეული საქმიანობის შესახებ კვარტალურ ანგარიშს წარუდგენს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს.

5. ინტერესთა კონფლიქტი

თავმჯდომარეს/აღმასრულებელ დირექტორს უფლება არ აქვს იმავდროულად იყოს საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მის მიერ თავმჯდომარის/აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებათა განხორციელებას, ინტერესთა შეუთავსებლობის გამო;

6. სარევიზიო კომისია

6.1. თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ მიერ დანიშნული, არჩეული, დამტკიცებული თანამდებობის პირების მიერ ორგანიზაციის წესდების შესრულებასა და ფინანსური სახსრებისა თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე, კონტროლის განხორციელების მიზნით, შეიძლება შეიქმნას ორგანიზაციის სარევიზიო კომისია;
6.2. სარევიზიო კომისია მუშაობს საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულების და მის მიერ შემუშავებული რეგლამენტის საფუძველზე;
6.3. სარევიზიო კომისიაში შემავალი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი ან ორგანიზაციის მუდმივი ანაზღაურების მქონე თანამშრომელი;
6.4. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.


7. ორგანიზაციის ქონება და ფინანსური სახსრები

7.1. ორგანიზაციის ქონებას შეადგენს ის მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც, მოცემული წესდების შესაბამისად, გათვალისწინებულია ორგანიზაციის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის.
7.2. ორგანიზაციის სახსრები იქმნება:
ა) გრანტებით;
ბ) შემოწირულობებით;
გ) დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით;
დ) სხვა წყაროებით, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით;
ე) საწევრო შენატანებით.
7.3. ორგანიზაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს უძრავ-მოძრავი ქონება, ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა, რაც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული მიზნების უზრუნველყოფისათვის.

8. ორგანიზაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

8.1. ორგანიზაციის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8.2. ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ა) გაკოტრებისას ან რეგისტრაციის გაუქმებისას;
ბ) საერთო კრების გადაწყვეტილებით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
8.3. ორგანიზაციის ლიკვიდაციას ახორციელებს თავმჯდომარე, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს დადგენილი წესით;
8.4. ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები.
8.5. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.