ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” - ფარგლებში, დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებს საგრანტო კონკურსს აჭარაში (ბათუმი, ქედა, ქობულეთი) მოქმედი ბიზნესსუბიექტებისთვის.
პროექტის შესახებ:
პროექტი - „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” - დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნორობით.
პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში. სამიზნე რეგიონებია: გურია, აჭარა, სამეგრელო.
საგრანტო პროგრამის მიზანი:
საგრანტო პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერების ხელშეწყობა, რათა მათ შექმნან ადგილზე დასაქმების შესაძლებლობები.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სამეწარმეო სუბიექტებს (ინდ. მეწარმე, შპს, რეგისტრირებული კოოპერატივი და ა.შ.), რომელთა ძირითადი საქმიანობა ხორციელდება აჭარაში.
მოთხოვნები სამეწარმეო სუბიექტის მიმართ:
✔ სამეწარმეო სუბიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს მინიმუმ 3 (სამი) წელი;
✔ სამეწარმეო სუბიექტის ბრუნვა წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 500 ათას ლარს;
საგრანტო დაფინანსების პრინციპი:
✔ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3200 ევროს.
✔ საგრანტო დაფინანსება ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპით და განმცხადებლის წილი უნდა შეადგენდეს განაცხადის საერთო ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს.
✔ აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ერთი განაცხადი.
✔ საგრანტო კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეწარმეო სუბიექტებს, რომელთა საქმიანობა და განაცხადი დაკავშირებულია აგრარულ და ტურიზმის სექტორთან.
განაცხადის შეფასების კრიტერიუმები:
1. საგრანტო განაცხადით წარმოდგენილი იდეის კავშირი კონკურსის მიზანთან;
2. იდეის მკაფიო აღწერა. სამუშაო ადგილების შექმნის გეგმის დეტალური აღწერა. საკონსულტაციო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მკაფიო გეგმა;
3. განმცხადებლის სტატუსი - განმცხადებლის სტატუსი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე სუბიექტების სტატუსს;
4. განმცხადებლის ცოდნა ან/და გამოცდილება წარმოდგენილი პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით;
5. ხელშემწყობი წინაპირობები, პროექტის განხორცილებასთან დაკავშირებული გარემო ფაქტორები და რესურსები (ადამიანური, ტექნიკური და ა.შ.);
6. პროექტის განხორციელების მიდგომები. პროექტის განხორციელებისათვის დაგეგმილი აქტივობები;
7. პროექტის ფინანსური დაგეგმარება (ლოგიკური ბიუჯეტი - ხარჯების რეალისტური გათვლა);
8. პროექტის განხორციელების რისკები და მათი შემცირების გზები;
9. პროექტის განხორციელების მკაფიო გეგმა-გრაფიკი, პროექტის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) თვეს.
11. პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები;
12. პროექტის სიცოცხლისუნარიანობა;
გრანტის მიმღები ვალდებულია შემოთავაზებული გეგმის მიხედვით დაასაქმოს ზემოთ ხსენებულ პროექტში ჩართული ბენეფიციარები (ახალგაზრდები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, იძულებით გადაადგილებული პირები შესაბამისი გენდერული ბალანსის გათვავალისწინებით).
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმის გათვალისწინებით, შერჩევის შედეგები ეცნობება განმცხადებლებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგის შემთხვევაში. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, განმცხადებელს მიეცემა წერილობითი პასუხი უარის თქმის მიზეზების შესახებ.
საგრანტო განაცხადების შეფასების პროცესში შესაძლებელია დამატებითი ქულა მიენიჭოს ისეთ პროექტებს, რომელიც წარმოადგენს რეგიონის დონეზე ინოვაციას ან/და გარემოზე დადებითი შედეგი აქვს (მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას).
საგრანტო თანხით არ დაფინანსდება:
1. ხელფასები (გამონაკლის შემთხვევაში შესაძლოა დაფინანსდეს ექსპერტის/სპეციალისტის ჰონორარი) და მიმდინარე ხარჯები;
2. მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის, შინაური ფრინველების, ფუტკრის ოჯახების შეძენა;
3. უძრავი ქონების შეძენა;
4. სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებში ინდივიდუალური მონაწილეობა;
5. კვლევების, ან ტრენინგების ინდივიდუალური დაფინანსება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის წარმოადგენს ძირითადი საქმიანობის შემადგენელ კომპონენტს;
6. აკადემიური და სამეცნიერო კვლევები;
7. სასწავლო/სამეცნიერო გრანტები;
8. ჰუმანიტარული აქციები და საქმიანობა;
9. ვალები და მომავალი შესაძლო ზარალისათვის გათვალისწინებული ხარჯები;
10. გადასახდელი პროცენტები, საურავები, ჯარიმები;
11. ზარალი, გამოწვეული სავალუტო კონვერტაციის შედეგად;
12. მესამე მხარისათვის გაცემული სესხები;
13. სადაზღვევო ხარჯები;
14. ავტო სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და შეკეთების ხარჯები (პროექტის და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია დაშვებული იქნას გამონაკლისი);
15. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობები;
16. საქმიანობები, რომელიც პირდაპირი, ან ირიბი სახით ზიანს აყენებენ გარემოს;
17. ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ან რელიგიურ სამიანობასთან.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის, განაცხადის ფორმისა და სხვა თანმხლები დოკუმენტების ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია www.iod.ge -ის გვერდზე, აღნიშნულ მისამართებზე:
შევსებული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: info@iod.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: საგრანტო პროგრამა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 მაისი, 18 საათი. არასრული, ან დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება.
საკონტაქტო პირი:
ნესტან კახაძე; 577452515; n.kakhadze@iod.ge
საგრანტო განაცხადის ფორმის სანახავად და დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ჩამოტვირთოთ დანართები:
ბიუჯეტის ფორმა