უკრაინის ტრაგედიამ განმიახლა ტკივილი..

უკრაინის ტრაგედიამ განმიახლა ტკივილი..

ფოტოზე: ნინო კვაშილავა, "დემოკრატიის ინსტიტუტის" ფინანსური მენეჯერი.

უკრაინის ტრაგედიამ განმიახლა ტკივილი. უფრო დიდი სიმძაფრით აღვიქვამ და განვიცდი ყველაფერს. იმდენად დავიზაფრე, რომ კოშმარები მესიზმრება. წუხელ გამეღვიძა, თითქოს სვანეთს ბომბავდნენ. სვანეთის გზა გადმოვიარეთ ფეხით წლების წინ, როცა დავტოვეთ აფხაზეთი. კიდევ მესიზმრება, თითქოს მამაჩემი ცოცხალია, წინა ხაზზე მიდიან და ერთ-ერთ მათგანს წამლებს ვატან.

···

რამდენიმე სახლი იყო, საიდანაც კარგად ჩანდა მთელი სოხუმის ზღვა და ყველაფერი. მახსოვს ზოგჯერ საშა ბიძიას აივნიდან ვუყურებდით დაბომბვას. ჩემი თვალით მაქვს ნანახი თვითმფრინავების აფეთქება, კატაპულტირება. როგორ ეშვებოდნენ პარაშუტები ზღვაში და ჭურვები სახლებს ეცემოდა. ისიც კარგად მახსოვს, ძალიან განვიცდიდი კატაპულტირებული პილოტის ბედს. დედა, ახლა რომ დაიხრჩოს, რა ეშველება, ცივ წყალში ხომ გაიყინება. იმას კი ვერ აღვიქვამდი, რომ მტერი ჩვენს დასაბომბად მოდიოდა. ამ დროს, პარალელურად, რომ ჩამოვარდა თვითმფრინავი, ისიც მიხაროდა.

სასწაულად ვერკვეოდით ბავშვები სამხედრო იარაღებში. ვიცოდით ავტომატები, ავტომატის ტყვიები, პულიმიოტები, ყუმბარები, "გრადი", "გაუბიცა".. თვითმფრინავის ხმით ვხვდებოდით როდის დაიწყებდა ჭურვების ჩამოყრას.

···

იმ დროს არ იყო უბანში იმდენი საჭმელი. რაც იყო, ერთი ტომარა პურის ფქვილი, თუ სოფლიდან გამოგზავნილი ნობათი, იყოფოდა მეზობლებში, ყველაფერი ნაწილდებოდა. ერთი დიდი ოჯახი ვიყავით მთელი უბანი. ყველა ერთ მუშტად შეკრული.

···

21-22-სექტემბერი იყო. სოხუმიდან, სახლიდან წამოგვიყვანა მე და ჩემი და, ბაბუამ და ბიძაჩემმა. მახსოვს ბიძია წინა ხაზიდან მოვარდა, გუმისტიდან, მამაჩემიც წინა ხაზზე იყო, ოჩამჩირის მხარეს. ბიძაჩემი მოვარდა გუმისტიდან განწირული ხმით. მთელ უბანს ესმოდა. ის ხმა ახლაც ჩამესმის. დედას უყვიროდა, არ დაგატოვებინებ აქ ბავშვებს და არ დაგახოცინებო. ღმერთმა იცის ნუგზარი (მამაჩემი) დაბრუნდება თუ არა ცოცხალიო. ბიძაჩემმა წამოგვიყვანა მე და ეკა ქალაქგარეთ, ბიცოლასთან, მერხეულში. სვანეთის გზისკენ მდებარეობს ეს სოფელი. მერხეულში მახსოვს არ იყო სახლი, რომელშიც მინიმუმ 40-50 ოჯახი არ იქნებოდა. მთელი სოფლის ყველა ჭიშკარი იყო ღია და სრულიად უცხო ადამიანები პირდაპირ მანქანებით შედიოდნენ ეზოებში და იქვე ათენებდნენ ღამეებს. 4-5 დღე გავჩერდდით იქ. არავინ იცოდა ვინ სად იყო. აფხაზეთიდან მამაკაცები, თითქმის ყველა, ომობდნენ. დანარჩენები, ქალები, ბავშვები, ნაწილი ასე ვიყავით შეფარებული. მოხუცებს უჭირდათ ძალიან სახლების დატოვება.

···

27-ი რომ გათენდა, შუადღე იყო, მოგვაკითხა ბიძიამ და ბაბუამ ბიცოლას სახლში და წაგვიყვანეს ისევ მერხეულში, სხვა ოჯახში. იქაც ჭიშკრები ღია იყო. ქაოსი. ასეულობით ოჯახი თითო ეზოში. წამოსვლის წუთებში მახსოვს ჭიშკარი ღია იყო და დავინახე როგორ მოდიოდა 2 ჯარისკაცი, სამხედრო ფორმით, იარაღის გარეშე. ამ დროს აკუმულატორებით ჰქონდათ ამუშავებული რადიო მანქანებში. მესმის შევარდნაძის ხმა რადიოდან - "ხალხნო, არ დატოვოთ აფხაზეთი! არ დატოვოთ სოხუმი! სოხუმი არ დაეცემა! აფხაზეთი არ დაეცემა!" მძაფრად მახსოვს ორივე ჯარისკაცის სახე და ხმა, ახლაც მაჟრჟოლებს, ხელები ასწიეს და სასოწარკვეთილი ხმით ხაოდნენ: "ხალხნო, დაეცა სოხუმი, დაეცა სოხუმი! წამოდით, დაგხოცავენ, ნუ უჯერებთ! რატომ ვართ აქ აბა, იარაღის გარეშეო."

···

რამდენიმე წუთში ისევ ქაოსი შეიქმნა, სწრაფად ჩაგვსვეს მანქანებში, ბიძაჩემი "უაზის" მანქანით იყო. ამ "უაზით" გამოყავდა გუმისტიდან დაჭრილებიც.

···

ეტყობა უფროსების საუბარი მქონდა მოსმენილი. რა უნდა ჩაალაგო ჩემოდანში ასეთ დროს. სამგზავრო ჩემოდანში ჩამილაგებია დედას კოსმეტიკის ჩანთა, სახლის სურათები, საბუთები, დაბადების მოწმობები, ნემსი და ძაფი, რაში მჭირდებოდა არ ვიცი. იმდენივე სუფრის და ჩაის კოვზი, დანა, რამდენი ოჯახის წევრიც ვიყავით. ჩემი და ეკას ტანსაცმელი ცალკე მქონდა და დედას და პაპას ცალკე.

···

მამაჩემზე ჯერ არაფერი ვიცოდით, როცა წავედით სვანეთის გზით. 11 დღე ვიარეთ, პირველი 3 დღე მანქანით, 3 დღის შემდეგ ერთ-ერთი სვანის ოჯახში დატოვა ბიძიამ მანქანა, შემდეგი დღეები ფეხით წავედით. მე-11 დღეს ჩავედით ზუგდიდში. მახსოვს, როდესაც ფეხით მოვდიოდით ტყის გავლით, უკრაინული ვერტმფრენებიდან ყრიდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას, პურს, პლედს.. ვაგროვებდით.. უამრავი ადამიანი მოდიოდა დახმარებისთვის. ბავშვები ვექაჩებოდით ერთმანეთისკენ პურს და პლედს. ასევე, უკრაინულ ვერტმფრენებს გადმოჰყავდათ ბავშვები და მოხუცები.

საჭმელი არ იყო. დღის განმავლობაში ისე უნდა გვევლო. საღამოს ტყეში შეგვესწრო, რომ ღამე იქ გაგვეთენებინა. თითქოს როგორ იყო იცით, დილიდან საღამომდე ისეთი მანძილი იყო, ვფარავდით ამ მანძილს და საღამოს ახლოს ვიყავით ტყესთან. იქ იყო უამრავი ადამიანი, ყველგან კოცონი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის მიუჯდებოდი კოცონთან, ყველა შეგიფარებდა. ერთი დიდი ოჯახი იყო. ტყეში ერთ ღამეს მახსოვს დიდი გვიმრები მოვტეხეთ, ეს გვიმრები დავაფინეთ და ზედ დავწექით. რაც შეიძლება ბევრი ტანსაცმელი გვეცვა, რომ ბარგი გვქონოდა ნაკლები. მახოვს უფროსები, ქალები, ღამით აცხობდნენ პურს ტყეში, ვის რა და როგორ ჰქონდა წამოღებული, ზოგი დიდი მანქანებით იყო და ჰქონდათ ცოტა მარაგი. ტყეში, იქვე, პატარ-პატარა კვერებივით დააცხობდნენ კოცონზე და ეს უნდა გვყოფნოდა. მახსოვს 1 ცალი კვერი 3 დღე მქონდა. რა იყო იცი სასწაული, არც გვშიოდა. დღის განმავლობაში 2 ლუკმას შეჭამდი და ძალაც გქონდა, რომ გევლო. ბაბუა იყო ჩვენთან ერთად, ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. ვუფრთხილდებოდით ძალიან. მისი ტვირთიც ჩვენ მოგვქონდა, მე და ეკას. მახსოვს მამუკამ (დეიდაშვილმა) გამოუთალა ხელჯოხი გზაში, ვერტმფრენიდან ჩამოგდებული პლედიც ბაბუას მივეცით.

···

მახსოვს, გზაში ეკა და მამუკა დაწინაურდნენ. აღმართი იყო ასასვლელი. მიზანი იყო შორი მანძილის დაფარვა და შემდეგ აღმართი იქნებოდა, თუ ჩრდილი, ის იყო გაჩერების პუნქტი. ციცაბო აღმართი გამოჩნდა და ეკამ და მამუკამ თქვეს, იქ რომ ავალთ, დავისვენოთო. აიარეს აღმართი. წითელი საბანი დაინახეს და მოდი, რბილად დავსხდეთო. აბობღდნენ, მივიდნენ და გაიხედეს, რომ მიცვალებული დახვდათ გახვეული, გაყინული.. ეკამ და მამუკამ შიშით უკანმოუხედავად იმდენი კილომეტრი ირბინეს, ძლივს დავეწიეთ. ეკა ნოემბრის ბოლოს 11-ის ხდებოდა, მე მალე 13 მისრულდებოდა, 1 თვეში.

···

სოხუმის დაცემის წინა დღეს მამაჩემი სახლში მისულა. დაცლილი იყო მთელი უბანი, რამდენიმე მეზობელი იყო დარჩენილი. მამაჩემი, ჩემი ბიძაშვილი კახა და უახლოესი მეზობლები. სულ 16, ჩასხდნენ მეზობლის პურის მანქანაში და ჩამქვრალი შუქით, მანქანის დაგორებით წასულან ქალაქგარეთ, მერხეულის სოფლის გავლით ტყეს შეაფარეს თავი. სომეხ ჯარისკაცებს აუყვანიათ ყველა ტყვედ. მამაჩემს, ყველას, თავიანთი საფლავი ამოათხრევინეს. მამაჩემს უხვეწნია, ეს ჩემი ძმის შვილია და პირველი მე მომკალით, მის სიკვდილს ნუ მაჩვენებთო. ბოლო წუთს, არ ვიცი როგორ და რანაირად, გამოსასყიდი თანხა მოუთხოვიათ. თქვენ სომეხ მეზობელს უმადლოდეთო, ცოცხლები რომ დაგტოვეთო. გადმოიყვანეს ადლერში, მერე ბათუმში. იხსენებდნენ შემდეგ ჩვენები, ბათუმელი კვაჭანტირაძის ოჯახის კარი ღია იყო, მეზობლებს ბღუჯებად მოჰქონდათ სამკაულები, ვისაც რა ჰქონდა და როგორც შეეძლო, რომ გამოესყიდათ ტყვეებიო.

···

ჩვენი ოჯახიდან თუკი ვინმე იყო ზრდასრული მამაკაცი, ყველა ომობდა. 3 ბიძა შეეწირა ომს. ერთ-ერთი მათგანი გორგასლის ორდენით არის დაჯილდოებული.

···

ღმერთს მადლობა, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და ვერ აღვიქვამდი იმ შიშს, რომ ერთ დღესაც ეკიპირებული მამაჩემი სახლში ვეღარ დაბრუნდებოდა ცოცხალი.

···

ერთადერთი კითხვა მაქვს.. როდემდე.. როდემდე უნდა შეეწიროს რუსეთის აგრესიას უდანაშაულო ბავშვების, ქალების, კაცების სისხლი.. დღეს რომ იმ რეალობის წინაშე დავდგე, რაც 1992-93 წლებში გამოვიარეთ, სახლში ვერ გავჩერდები. გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, რაც შემიძლია.